თბილისი, 19 აგვისტო — Sputnik. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ დაასახელა არაავტორიზებული უმაღლესი სასწავლებლები, რომლებიც ბოლო დროს დიდი პოპულარობით სარგებლობენ იმ ქართველ აბიტურიენტებს შორის, რომლებსაც სტუდენტობა ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარების გარეშე სურთ. ეს უმაღლესი სასწავლებლები უკრაინული სასწავლებლების ფილიალები აღმოჩნდნენ.
ისეთი უნივერსიტეტები, როგორიცაა ოდესის საერთაშორისო ჰუმანიტარული უნივერსიტეტი, კიევის საერთაშორისო უნივერსიტეტი და კიევის საერთაშორისო უნივერსიტეტის მოსამზადებელი ცენტრი საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრში არ ფიქსირდება, ვინაიდან მათ არ აქვთ გავლილი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელებისთვის აუცილებელი პროცედურა — ავტორიზაცია, განაცხადა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ გია შარვაშიძემ.
მინისტრის მოადგილემ განმარტა, რომ ზემოაღნიშნული სასწავლებლები აბიტურიენტებს იზიდავენ ერთიანი ნაციონალური გამოცდების ჩაბარების გარეშე და ჰპირდებიან, რომ უნივერსიტეტში ჩარიცხვის შემდეგ, მობილურობის საშუალებით, ისინი ნებისმიერ ქართულ უმაღლეს სასწავლებელში გადასვლას შეძლებენ.
„კატეგორიულად ვაცხადებთ, რომ ეს არავითარ შემთხვევაში არ მოხდება, რადგან ეს სასწავლო დაწესებულებები არ არიან საქართველოში არსებულ სიაში და, ჩვენი კანონმდებლობის შესაბამისად, მათ მიერ გაცემული დიპლომები საქართველოში აღიარებული არ იქნება“, — აღნიშნა შერვაშიძემ ბრიფინგზე.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ თხოვნით მიმართა აბიტურიენტებს, სწავლის გაგრძელების მიზნით უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების შერჩევისას დააზუსტონ მის მიერ გაცემული დიპლომის აღიარების შესაძლებლობა. ამის შემოწმება შესაძლებელია საქართველოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში ტელეფონის ნომერზე დარეკვით: (+995 322) 20-02-20 (3599).
განათლების სამინისტრომ თხოვნით მიმართა შინაგან საქმეთა სამინისტროს, გამოიძიოს ზემოაღნიშნული ფაქტი.
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, ავტორიზაციის გავლა სავალდებულოა როგორც საქართველოს ტერიტორიაზე დაფუძნებული დამოუკიდებელი იურიდიული პირისთვის, ასევე უცხო ქვეყნის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ფილიალისთვისაც.
შესაბამისად, ზემოთ ჩამოთვლილ სასწავლო დაწესებულებებს არ გააჩნიათ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსი და სახელმწიფოს მიერ აღიარებული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემის უფლებამოსილება.