თბილისი, 19 აგვისტო — Sputnik. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მეუღლე სანდრა რულოვსი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ ზუგდიდის საარჩევნო ოლქში პარლამენტის დეპუტატობის კანდიდატი გახდა.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 8 ოქტომბერს გაიმართება.
„ჩვენთვის დიდი პატივია, რომ, სანდრას გადაწყვეტილებით, ის კენჭს თქვენ რაიონში, თქვენ სოფელში იყრის“, — განაცხადა პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ ზუგდიდის რაიონის სოფელ კორცხელში.
თავად სანდრა რულოვსმა განაცხადა, რომ მისთვის ამ გადაწყვეტილების მიღება რთული იყო.
„ბოლო დროს დიდხანს ვფიქრობდი და ჩემთვის ეს რთული გადაწყვეტილება იყო… ხშირად ვესაუბრებოდი მიშას, რომ ნამდვილად უნდა ვიცოდე – რაც მოხდა ცუდი, აღარ გამეორდეს. დამიჯერეთ, აქ არ ვიდგებოდი, დარწმუნებული რომ არ ვიყო, რომ ძალადობა აღარ გამეორდება“, — განაცხადა რულოვსმა.
ყოფილი პირველი ლედის კონკურენტი ზუგდიდში მმართველი პარტიიდან რაიონული ადმინისტრაციის ამჟამინდელი ხელმძღვანელი ედიშერ თოლორაია იქნება.

