საქართველოს პრემიერმა პარტიებს ემოციების მოთოკვისკენ მოუწოდა

© FB/Георгий Квирикашвилиგიორგი კვირიკაშვილი
გიორგი კვირიკაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ წინასაარჩევნო კამპანია უკვე ერთი თვეა მიმდინარეობს ექსცესების გარეშე.

თბილისი, 13 ივლისი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა პარტიებს მოუწოდა, იმგვარად იმოქმედონ, რომ საპარლამენტო არჩევნები ღირსეულად ჩატარდეს.

საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 8 ოქტომბერს გაიმართება. ამ დროისთვის განაცხადები 54-მა პარტიამ შეიტანა, აქედან 17 უკვე დარეგისტრირდა.

„დიდი იმედი მაქვს, რომ პოლიტიკური პარტიები შეძლებენ საკუთარი ემოციები გვერდზე გადადონ და ჩავატარებთ ნამდვილად ღირსეულ არჩევნებს“, — განაცხადა კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე.

ოთხშაბათს უწყებათაშორისი კომისიის პირველი სხდომა გაიმართება, რომელსაც საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი უხელმძღვანელებს.

დავით უსუფაშვილი - Sputnik საქართველო
„რესპუბლიკელებისა“ და „ოცნების“ კავშირი დასასრულს მიუახლოვდა

„საარჩევნო კამპანია უკვე ერთი თვეა მიმდინარეობს ყველანაირი ექსცესების გარეშე. უწყებათაშორისი სხდომის მუშაობას ექნება ძალიან დიდი მნიშვნელობა იმისთვის, რომ ეს პროცესი მაქსიმალურად კომფორტულად წარიმართოს ყველა საარჩევნო სუბიექტისთვის და მინდა თეა წულუკიანს წარმატება ვუსურვო დღევანდელ სხდომაზე“, – აღნიშნა კვირიკაშვილმა.

კომისია არჩევნების საბოლოო შედეგების გამოცხადებამდე იმუშავებს.

კომისიის მთავარი ამოცანაა წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავება სახელმწიფო მოხელეებისა და ადმინისტრაციული ორგანოების მხრიდან საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის თავიდან ასაცილებლად.

უწყებათაშორისი კომისია ითანამშრომლებს პარტიებთან და ბლოკებთან, ადგილობრივ და საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებთან.

კომისია შეისწავლის საინფორმაციო საშუალებებში გავრცელებულ ინფორმაციებს, ასევე პარტიებისა და დამკვირვებლების განცხადებებს შესაძლო დარღვევების შესახებ.

უწყებათაშორისი კომისია 2013 წელს საპრეზიდენტო, 2014 წელს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, ხოლო 2015 წელს შუალედური არჩევნების დროსაც ფუნქციონირებდა.

ყველა ახალი ამბავი
0