ბოლქვაძე: მსაჯის შეცდომა რომ არა, ოქროსთვის ბრძოლა შემეძლო

© photo: Sputnik / Kakha Beridzeშმაგი ბოლქვაძე
შმაგი ბოლქვაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
Sputnik-ის კორესპონდენტი რიო-დე-ჟანეიროში ოლიმპიადის ბრინჯაოს პრიზიორს შმაგი ბოლქვაძეს გაესაუბრა.

რიო-დე-ჟანეირო, 17 აგვისტო — Sputnik, კახა ბერიძე. ფინალში გადასასვლელი შეხვედრა მსაჯის უხეში შეცდომის გამო დავთმე, განუცხადა Sputnik-ის კორესპონდენტს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე შმაგი ბოლქვაძემ (-66 კგ). მან რიოს ოლიმპიადაზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

მესამე ადგილისთვის ბრძოლაში ბოლქვაძემ იაპონელ ტომოხირო ინოეს სძლია ანგარიშით 1:0. დაჯილდოების ცერემონიის შემდეგ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა ბოლქვაძეს მობილური ტელეფონი მიაწოდა და მას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა პირადად მიულოცა. ეს იმ დარბაზში მოხდა, სადაც სპორტსმენები მასმედიისთვის კომენტარებს აკეთებდნენ. მილოცვების შემდეგ ქართველმა მოჭიდავემ Sputnik-თან ისაუბრა.

ჭიაობა, შმაგი ბოლქვაძე - Sputnik საქართველო
საქართველომ რიოს ოლიმპიადაზე მესამე მედალი მოიპოვა

— ეს ოლიმპიადა ჩემთვის პირველი იყო და მიხარია, რომ დებიუტი მედლით დამიფასდა. ბევრი ვიშრომე, რომ ლიცენზია მომეპოვებინა და ოლიმპიადას კარგ ფორმაში შევხვედროდი, განაცხადა ბოლქვაძემ.

– როგორ ფიქრობ, შეძლებდი ოქროსთვის ბრძოლას?

— ამაში სრულიად დარწმუნებული ვარ. ფინალში გადასასვლელი შეხვედრა მსაჯის უხეში შეცდომის გამო დავთმე, რომელმაც დაუმსახურებლად გამაფრთხილა. ავნერვიულდი, გამოუცდელობამაც იჩინა თავი და დავმარცხდი. თუმცა, საბოლოო ჯამში, მიღწეულით უკმაყოფილო მაინც არ ვარ: მედალი მოვიპოვე წონაში, რომელშიც მსოფლიოს 6 ჩემპიონი გამოდიოდა. ვფიქრობ, ეს დებიუტისთვის დამაკმაყოფილებელი შედეგია. ყველანაირად ვეცდები, რომ ტოკიოში ოქროს მედალი მოვიპოვო.

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა ოლიმპიური თამაშები მხოლოდ შმაგი ბოლქვაძის ბრინჯაოს მედლით დაასრულა.

ყველა ახალი ამბავი
0