თბილისი, 17 აგვისტო — Sputnik. საქართველოს ხელისუფლება პენსიონერების დასაქმების პროგრამაზე მუშაობს — მათ შესთავაზებენ სამუშაოს, რომელიც მძიმე ფიზიკურ დატვირთვას არ მოითხოვს, განაცხადა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ.
„პენსიონერების დასაქმება არის ზოგადად ძალიან პრეცედენტული და მთელ რიგ ქვეყნებში არის სახელმწიფო პოლიტიკა, რომელიც მოიცავს, ერთი მხრივ, პენსიონერების დასაქმებას ისეთ სამუშაო ადგილებზე, რომელიც არ მოითხოვს მძიმე ფიზიკურ შრომას და რომელიც საშუალოდ ახალგაზრდა ასაკის ადამიანებისთვის ნაკლებად მიმზიდველია, მეორე მხრივ, რაც აუცილებელია და ყურადღების გასამახვილებელია, პენსიონერებისთვის ეს უბრალოდ შანსის მიცემა კი არ არის, არამედ მათი რესურსის რაციონალური გამოყენების მცდელობაა”, — განაცხადა სერგეენკომ.
მინისტრმა მაგალითად დიდი ბრიტანეთი მოიყვანა, სადაც მოქმედებს პროგრამა „მეორე ცხოვრება“. პროგრამაში კონცეპტუალურად არის გაწერილი ყველაფერი, თუ რა ურთიერთსარგებლიანი ურთიერთობა შეიძლება ჩამოყალიბდეს პენსიონერებთან, მათი, ერთი მხრივ, დასაქმების და, მეორე მხრივ, გამოცდილების გაზიარების კუთხით, აღნიშნა დავით სერგეენკომ, ნათქვამია საინფორმაციო პორტალზე jandacva.ge.
პროგრამის „ცხოვრება გრძელდება“ დაწყების შესახებ უფრო ადრე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა.
საპენსიო ასაკი საქართველოში ქალებისთვის 60, ხოლო მამაკაცებისთვის — 65 წელია.