თბილისი, 7 აგვისტო — Sputnik. „ცხოვრება გრძელდება“ — ასე ჰქვია სპეციალურად პენსიონერთათვის განკუთვნილ პროგრამას, რომელზეც ამჟამად „ქართული ოცნება“ მუშაობს და რომლის პრეზენტაციაც უახლოეს დღეებში შედგება, — ამის შესახებ დღეს რაჭაში მყოფმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განუცხადა ჟურნალისტებს.
პრემიერის თქმით, ეს არის პენსიონერების დასაქმების პროგრამა, რომელიც გულისხმობს საგადასახადო შეღავათებს იმ კომპანიებისთვის, რომელებიც პენსიონერებს დაასაქმებენ.
"დარწმუნებული ვარ, ამ პროგრამით ძალიან მნიშვნელოვანი საქმე გაკეთდება, ვინაიდან ბევრ ადამიანს მიეცემა ცხოვრების ხალისი და ვფიქრობთ, ის პოტენციალი, რომელიც უფროს თაობაშია შესაძლებელია უფრო კარგად გამოვიყენოთ",- განაცხადა პრემიერმა.
მისი თქმით პროგრამაზე მუშაობენ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა სამინისტრო და ფინანსთა სამინისტრო.