ეკატერინე მიქარიძე
თუ ვინმე გეტყვით, რომ თბილისური სული უკვალოდ გაქრა, არ დაიჯეროთ. უბრალოდ, ჩვენებურებს სჩვევიათ წუწუნი, რომ ადრე შაქარი უფრო ტკბილი იყო, მარილი – უფრო მლაშე, ხოლო ტფილისი უფრო ლამაზი და კოლორიტული…
ბოლო დროს თბილისელებს წარსულის მძიმე ნოსტალგია შემოგვეპარა. ბავშვებივით გაგვიხარდა, როცა აღმაშენებლის პროსპექტზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებისას ერთ-ერთი სახლის კედელზე რევოლუციამდელი ნახატი აღმოაჩინეს, ხოლო სოლოლაკური სახლის სარდაფში XIX საუკუნის სამაცივრე სათავსოს პოვნამ ხომ ენით უთქმელი სიამაყით აღგვავსო.
მაგრამ თბილისური სული — ეს მხოლოდ არქიტექტურისა და ხუროთმოძღვრების ძეგლები არ არის, არც მიხვეულ-მოხვეული და კოხტად დაკვანწული ქუჩები და ჩიხები. ეს ის თბილისელი ოსტატებიც არიან, ვინც მამაპაპურ ხელობას ძველთაგან მისდევს…
ვის რა საქმე ებარა
ისე გამოვიდა, რომ ტფილისში ყველა ეთნოსს საკუთარი ხელობა ჰქონდა. აი, მაგალითად, სომხები ხარაზები, ანუ როგორც თბილისელები ეძახიან, „საპოჟნიკები“ იყვნენ. ამ საქმეში მათ ბადალი არ ჰყავდათ, იმიტომ რომ მთელ ქალაქს აცმევდნენ ფეხზე.
გერმანელები სამეცნიერო სფეროებს მისდევდნენ, სოფლის მეურნეობით იყვნენ დაკავებული, აფთიაქები ჰქონდათ, განთქმული პროვიზორები იყვნენ, ასევე განთქმული არქიტექტორები. აი, ებრაელების საქმე კი ვაჭრობა იყო.
რაც შეეხება მეკურტნეებს, ანუ მებარგულებს, ამ საქმეს თავდაპირველად ხელს მხოლოდ ტფილისში პროვინციებიდან ჩამოსულები ჰკიდებდნენ. მერე და მერე, სხვა ხელოსნების მსგავსად, მათაც დააარსეს ამქრები და მათაც აირჩიეს უსტაბაში. უნდა ითქვას, რომ ისინი მოსახლეობის უკიდეგანო ნდობით სარგებლობდნენ, რომლებსაც საქონელსაც ულაპარაკოდ ანდობდნენ, ფულსაც და შაურიც არ ეკარგებოდათ.
უფრო მეტიც: სანამ ტფილისში ეტლები და ეკიპაჟები გაჩნდებოდა, მანამ კურტნის მუშები უამინდობაში ქალაქელ ბანოვანებსაც კი დაატარებდნენ მხარზე შესმულებს, რათა, ემანდ, კოპწია ფეხსამოსი და ფარჩის კაბების კალთები არ ამოგანგლოდათ ტალახში.
ამბობენ, მე-19 საუკუნის კურტნის მუშების უმრავლესობა რაჭველები იყვნენო, მაგრამ მერე, საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდგომ ეპოქაში ეს ხელობა სხვა ეთნოსმა გადაიბარა – ქურთებმა და იეზიდებმა. მხოლოდ მათ შეეძლოთ ნებისმიერი ტვირთის ატანა კორპუსის ბოლო სართულზე, თუნდაც ეს თუჯის დეკის მქონე ანტიკვარული როიალი ყოფილიყო.
ჰო, მართლა, ქალაქის დალაგება-დასუფთავებაც მხოლოდ ქურთებს ევალათ. თბილისის ქუჩებს ადრიანი დილიდან შეესეოდნენ ხოლმე ყურებზე უზარმაზარულვაშგადავარცხნილი კაცები და სართულ-სართულად დაფენილ, ფერად, პლისე „იუბკებში“ გამოწყობილი იეზიდი ქალები…
თბილის-ქალაქის ნავთით მომარაგებისა და ფეხსამოსის გაპრიალების საქმე კი ოდითგან ასირიელებს, „თბილისურად“ – აისორებს ებარათ. ახლაც კი, თუ სადმე ამ მომაკვდავი პროფესიის კაცს, წაღების მწმენდავს მოჰკრავთ თვალს, იცოდეთ, აისორი იქნება.
ფეხსაცმლის მწმენდავი მიშა
ჯერ კიდევ ოცდაათიოდე წლის წინ ქალაქში ლამის ყველა ნაბიჯზე შეხვდებოდით მაღალი ხის სკამს და მის წინ, დაბალ ტაბურეტზე მოკალათებულ ფეხსაცმლის მწმენდავს. დღეს კი მათი ნახვა მხოლოდ სადგურის მოედნის ტერიტორიაზეა შესაძლებელი — მარტო ამ პატარა კუნძულზეღაა შემორჩენილი „ჩისტილშიკების“ არტელი, რომელსაც მიხეილ აკოფოვი უდგას სათავეში.
მიშა მარტო მწმენდავი კი არ არის, არამედ ქალაქური კოლორიტის განუყოფელი ნაწილიც გახლავთ. მისალმება ძლივს მოვასწარი, რომ სავარძელში ჩამსვა, თავად კი ჩემ წინ მოკალათდა, ოღონდ, რაღა თქმა უნდა, ტერფების სიმაღლეზე და მეც ზემოდან გადმოვხედე მას. ჰო, ასე მუშაობა მისთვის უფრო მოსახერხებელია, მაგრამ მე უხერხულობის გრძნობა ვერა და ვერ მოვიშორე ჩვენი საუბრის ბოლომდე. ეს კია, თავად მიშა სხვანაირად უყურებს ამ ამბავს და ასე ხსნის:
„გახსოვთ, ფრუნზიკ მკრტიჩიანი რომ ამბობს ფილმში, Я тебе так сделаю, что и тебе будет приятно, и мне. მართლა მომწონს ადამიანებს რომ სიამოვნებას ვგვრი ჩემი ხელობით. თანაც, იესომ ფეხები დაბანა სხვებს და მე ვინა ვარ? ამაში არაფერია სამარცხვინო. ეგაა, ადამიანებს ქრისტიანული მორალი სხვანაირად ესმით. დღეს როგორაა ცხოვრება მოწყობილი, ხომ იცით: თუ დაგარტყეს, შენ უფრო მაგრად უნდა შემოსცხო. თუ მართლა მიუშვირე მეორე ლოყა, როგორც ბიბლია გვასწავლის, ხალხს იდიოტი ეგონები. მე ასე მგონია, რომ მთავარია კაცმა „პოდლობა“ არ გააკეთოს. ხშირად მიფიქრია, ნეტა, ვინმესთვის რამე ხომ არ მიწყენინებია-მეთქი…“
მიშას წინაპრები წარმოშობით თურქეთიდან არიან. იქაურობას XX საუკუნის დასაწყისში გამორიდებიან — შეშინებიათ, სომხების მერე ჩვენც არ მოგვდგნენო. ჯერ რუსეთში წასულან, მერე კი აზერბაიჯანში და გოიგოლის ტბასთან, გერმანელების დასახლებაში დამკვიდრებულან. იქაურ გერმანელებს მოსამსახურეებად მხოლოდ ასირიელები ჰყოლიათ და მიშას წინაპრებიც მათ დასდგომიან მოჯამაგირეებად.
მეორე მსოფლიო ომის დაწყებამდე უზრუნველად ცხოვრობდნენ, მაგრამ ომის შემდეგ მიშას პაპის ბატონი გერმანელების ოჯახი ყაზახეთში გადაასახლეს და არც აისორების დანდობას უჩანდა პირი.
მაშინ, როგორც მიშა ჰყვება, პაპამისს ერთ ბოხჩაში გამოუკრავს, თუ რამ აუცილებელი ყოფილა და წასვლა დაუპირებიათ, მაგრამ სწორედ იმ საღამოს შინსახკომელები მეზობლებს დასცემიან თავს. პაპას უფიქრია, რახან თურქეთის ქვეშევრდომი ვიყავი, სასჯელს ვერც მე ავცდებიო, მაგრამ… „სიაში არ ხართ!“ — უხეშად მიუგდია ფორმიან კაცს და სხვა სახლისკენ აუღია გეზი.
რახან გადასახლებას გადარჩენილან, მიშას პაპას ოჯახი საქართველოში წამოუყვანია საცხოვრებლად, ჩვენიანებთან, ანუ ქრისტიანებთან ცხოვრება მირჩევნიაო.
მოკლედ, თბილისში ჩამოსულან, აქ დასახლებულან და თავის სარჩენად პაპას ნავთის გაყიდვისთვის მიუყვია ხელი.
„ნავთით ძველ თბილისში მხოლოდ აისორები ვაჭრობდნენ და ფეხსაცმლის მწმენდავებიც ისინი იყვნენ. მამაჩემს კი კეთილშობილი პროფესია ჰქონდა — პურის მანქანის „შოფერი“ იყო. მე თვითონ მემანქანეობაზე ვოცნებობდი, მაგრამ არ გამოვიდა. მერე დიდხანს ერთ დიდ კაცთან ვმუშაობდი პირად მძღოლად, მაგრამ ხელისუფლება რომ შეიცვალა, უმუშევარი დავრჩი. ავდექი და ტაქსისტობა დავიწყე — კიდევ კარგი, მანქანა მყავდა. რაღაც პერიოდი ვიტაქსავე, მერე კი ფეხსაცმლის მწმენდავობა შემომთავაზეს. ვიფიქრე, ვიფიქრე და დავთანხმდი. 25 წელი გავიდა მას შემდეგ…
რანაირი კლიენტი აღარ შეგხვდება კაცს! ერთხელ ერთი მოკლეკაბიანი, ლამაზი გოგო მოვიდა და ჩამომიჯდა. ავდექი და ფეხებზე ხალათი გადავაფარე. იმან კიდევ მოიშორა ეს ხალათი და მეუბნება, რამე პრობლემა გაქვსო? მე ვუთხარი, არა, კაცო, არაფერი-მეთქი… მოკლედ, თავი ვერ ავწიე, სანამ მუშაობა არ დავამთავრე, თორემ რა ვიცი, რას იფიქრებდა?“
უცნაურია, მაგრამ სანამ მიშას ველაპარაკებოდი, ხან ვინ მოგვადგა შეკითხვებით და ხან — ვინ. გეგონება, სახეზე ეწერა, ყველაფერი ვიციო. ისიც ბიჭივით, დაუზარებლად წამოხტებოდა ხოლმე და ვის ბათუმისკენ მიმავალი ავტობუსის გაჩერებას აჩვენებდა და ვის კიდევ იმას უხსნიდა, ქუთაისამდე როგორ ჩაეღწია…
ის-ის იყო, მიშა სკამზე ჩამოჯდა, რომ ვიღაც ქალმა დაუძახა:
— მადლობა, ბატონო მიშა, ყველაფერი მართლა კარგი იყო!
მიშა იღიმება და მიხსნის:
— ეგ ქალი სადგურის დირექტორია, ამას წინათ რძის პროდუქტების კარგი მაღაზია მივასწავლე და…
ფეხსაცმლის მწმენდავები საცხს თავად ამზადებენ. უფრო სწორედ, ტრადიციულად, ერთი კაცი ამზადებს, დანარჩენები კი მისგან ყიდულობენ. თურმე საცხის მოხარშვის საქმეც მემკვიდრეობით გადაეცემა.
მიშასაც აქვს, რაღა თქმა უნდა, ასეთი საცხები. თხუთმეტიოდე წუთი და, როგორც ის ამბობს, თქვენს ფეხსაცმელს ვერც ტალახი დააკლებს ვერაფერს და ვერც წვიმა.
მიშა ამბობს, ფეხსაცმელი კაცის სახეაო. ის კი არა, წლების განმავლობაში რამდენიმე აღმოჩენაც კი გააკეთა — „ტუფლის“ ქუსლის მდგომარეობით მფლობელის ხასიათს განსაზღვრავს.
„თუ ქუსლი გარეთა მხრიდანაა გაცვეთილი, „ზნაჩიტ“, კაცი კეთილია და გულგახსნილი, თუ შიგნითა მხრიდან — მაშინ ჩაკეტილია. მაგრამ თუ ქუსლი საერთოდაც არ არის გაცვეთილი, იცოდე, ასეთ კაცს უნდა უფრთხილდე!..“
იყო დრო, როცა ქალაქელი კაცის დილა ფეხსაცმლის მწმენდავთან ვიზიტით იწყებოდა: მიესალმებოდა, ჩამოუჯდებოდა, „ტუფლებს“ სარკესავით გაილაპლაპებდა და მერე დაფიქრდებოდა, სად წასულიყო — სახინკლეში თუ სახაშეში.
მას მერე ბევრმა წყალმა ჩაიარა, ბევრი რამ შეიცვალა. ფეხსაცმლის მწმენდავებს კლიენტი შემოაკლდათ. მათთან მხოლოდ ისინიღა დადიან, ვისთვისაც ეს აუცილებელი რიტუალია.
მოკლედ, ამ ხელობით ქონებას ვერ დააგროვებ, მაგრამ არც შიმშილით ამოგხდება სული. თუმცა, აქ მთავარი მაინც ისაა, რომ წარსულიდან შემორჩენილი ქალაქური კოლორიტის პაწაწა კუნძული არსებობას განაგრძობს — თუნდაც მხოლოდ ტურისტებისთვის საჩვენებლად და თუნდაც მხოლოდ უძველესი რიტუალის შესასრულებლად.