თბილისის ზოოპარკმა ახალი ბინადარი წარმოადგინა - გადარჩენილი ფოცხვერი

გამოწერა
ფოცხვერის გადასარჩენად, რომელიც რეინჯერებმა წყალდიდობის შემდეგ მძიმე მდგომარეობაში იპოვეს, ვეტერინარები ერთი თვე იბრძოდნენ.

თბილისი, 17 აგვისტო — Sputnik. თბილისის ზოოპარკის სტუმრებს სიურპრიზი ელოდებათ — ზოოპარკმა ახალი ბინადარი — ფოცხვერი წარმოადგინა.

თბილისის ზოოპარკის ახალი ბინადრის ფოტო, რომელსაც ვეტერინარებმა ამერიკელი მსახიობის ჰოლი ბერის საპატივსაცემოდ ჰოლი დაარქვეს, ზოოპარკის „ფეისბუქის“ გვერდზე გამოჩნდა.

ლომები თბილისის ზოოპარკში - Sputnik საქართველო
თბილისის ზოოპარკში თეთრი ლომები დაიბადნენ

პატარა ფოცხვერს სევდიანი ისტორია აქვს ბედნიერი დასასრულით. რეინჯერებმა ის ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიაზე, მდინარე შრომის ნაპირზე იპოვეს. ის წყალდიდობის შემდეგ მდინარემ გამორიყა. ნაკრძალის დირექტორმა ფოცხვერი ზოოპარკს მიაბარა, სადაც ვეტექიმები მის გადასარჩენად ერთი თვის განმავლობაში იბრძოდნენ.

„კარგა ხანს არ ვიცოდით, გადარჩებოდა თუ არა. გადარჩა. მომჯობინდა და ახლა უკვე ყოჩაღად დაბობღავს ბუთქუჩა თათებით ხის მორებზე. ფოტოს გადასაღებად რომ მივდივართ, ცნობისმოყვარედ იჭყიტება და სასაცილოდ აცანცარებს პატარა კუდსა და ფუჯებიან ყურებს“, — აღნიშნულია ზოოპარკის „ფეისბუქ“-გვერდზე.

თავის ჩვეულ გარემოში დაბრუნებას ჰოლი, სავარაუდოდ, ვერ შეძლებს.

„არათავისუფლად გაზრდილი მტაცებლის უკან დაბრუნება, პრაქტიკულად, შეუძლებელია, რადგან მან არ იცის დამოუკიდებლად საკვების მოპოვება, საშიშროებისგან გადარჩენა და ადამიანებისგან დამალვა. ვნახავთ, როგორ იქნება ჰოლი. ჯერჯერობით ის ძალზე პატარაა და ბუნებაში დამოუკიდებლად გადარჩენა მას ძალიან გაუჭირდება“, — განმარტეს ზოოპარკში.

ყველა ახალი ამბავი
0