თბილისი, 16 აგვისტო — Sputnik. საქართველოს შსს-სა და პროკურატურის თანამშრომლებმა ერთობლივი ოპერაციის შედეგად ადამიანის გატაცებასა და ფულის გამოძალვაში ეჭვმიტანილი ხუთი პირი დააკავეს, იტყობინება შსს-ს პრეს-სამსახური.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულებმა, წინასწარი შეთანხმებით, 1986 წელს დაბადებულ ი.ხ.-ს თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს, ავტომანქანაში ჩასვეს და მისი ნების წინააღმდეგ თბილისში, დიღმის მასივში, ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში მიიყვანეს, სადაც თანხის გამოძალვის მიზნით ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. აღნიშნულმა პირებმა უკანონოდ თავისუფლებააღკვეთილ მოქალაქეს წაართვეს პირადი ნივთები, მათ შორის ერთ-ერთი ბანკის პლასტიკური ბარათი, რომლიდანაც მოხსნეს მასზე არსებული თანხა. ბრალდებულებმა, ასევე, იძულების წესით ი.ხ. მისივე საცხოვრებელ სახლში მიიყვანეს, სადაც დაზარალებულის მეუღლეს 3500 ლარი გამოსძალეს.
აღნიშნულის შემდეგ დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა უკანონოდ თავისუფლებააღკვეთილი მამაკაცი დამატებით 15 000 ლარის გადახდის პირობის სანაცვლოდ გაათავისუფლეს.
ყველა დაკავებული ადრე ნასამართლევია, ერთ-ერთი მათგანი კი თავდებითაა გამოშვებული.
გამოძიება დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით ჯგუფურად გამოძალვისა და და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ძალადობის გამოყენების მუქარით თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე მიმდინარეობს. დაკავებულებს 4-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.