თბილისი, 12 აგვისტო — Sputnik. პარტია „ეროვნული ფორუმის“ მაჟორიტარობის კანდიდატის თამარ ციხისელის ბინა გუშინ უცნობმა პირებმა გატეხეს, იუწყება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახური.
შემთხვევა ნაძალადევის რაიონში მოხდა. საინფორმაციო საშუალებების ცნობით, ციხისელის ბინიდან არაფერი დაკარგულა. „ეროვნულ ფორუმში“ ვარაუდობენ, რომ უცნობი პირები პარტიის საქმიანობის შესახებ ინფორმაციას ეძებდნენ.
„ფაქტი გუშინ მოხდა. სისხლის სამართლის საქმე აღძრულია საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლით („ქურდობა“). ამ ეტაპზე საგამოძიებო ღონისძიებები ტარდება“, — განაცხადა პრეს-სამსახურის თანამშრომელმა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო „ნოვოსტი-გრუზია“.
ორი დღის წინ კი პარტიის ოფისი გაქურდეს, რომელიც ნაძალადევის რაიონში მდებარეობს. როგორც პარტიაში განაცხადეს, ოფისიდან მოპარულია პარტიისთვის აუცილებელი წინასაარჩევნო ინფორმაცია, მათ შორის ინფორმაცია კოორდინატორების, აქტივისტებისა და აგიტატორების შესახებ.