თბილისი, 16 აგვისტო — Sputnik. ქართული ფოლკ-როკ-ჯგუფი „არგოს“ ვოკალისტი შაკო კაცაძე და კიდევ ორი ახალგაზრდა დაიღუპა ავტოსაგზაო შემთხვევისას იმერეთში, სოფელ დაფნართან, ამის შესახებ ჯგუფი თავის Facebook–გვერდზე იტყობინება.
სამტრედიისკენ მიმავალი ავტომანქანა, რომელშიც შაკო და მისი მეგობრები იმყოფებოდნენ, სატვირთო ავტომანქანას შეეჯახა.
„ჯგუფი არგოს პირველო ტკივილო, ჩვენო მეგობარო შაკო. თავზარდამცემი არის დღევანდელი დღე ყველა ჩვენგანისთვის. ძნელია იპოვო სიტყვები, რაც ამ ტკივილს გამოხატავს. მუდამ ჩვენს გულში იქნები. ჯგუფი „არგო“ სამძიმარს უცხადებს შაკოსთან ერთად დაღუპული ბიჭების ოჯახებს“, — ნათქვამია შეტყობინებაში.
ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.
ავარია იმავე ადგილზე მოხდა, სადაც 22 ივლისის ღამით ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მძიმედ დაშავდნენ ქართველი რაგბისტები მერაბ კვირიკაშვილი და გიორგი ლომინაძე მეუღლეებთან ერთად, იუწყებიან ქართული საინფორმაციო საშუალებები.
ჯგუფი „არგო“ გიგა ბუბუტეიშვილმა და პაპუნა ბახტაძემ 2011 წელს ქალაქ ვანში დააფუძნეს. ჯგუფი 9 კაცისგან შედგებოდა.