რიო-დე-ჟანეირო, 16 აგვისტო — Sputnik, კახა ბერიძე. XXXI ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე შეჯიბრების მეათე დღე იწყება, საქართველოს დელეგაცია კი ჯერაც ოქროს მედლის მოლოდინშია. ამ მხრივ უდიდესი იმედები ძალოსან ლაშა ტალახაძეზე (+105 კგ) მყარდება.
ლაშა რიოს ოლიმპიურ ფიცარნაგზე უკვე 17 აგვისტოს, თბილისის დროით 02:00 საათზე დადგება. 22 წლის ქართველი ძალოსანი ევროპისა და მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონია.
ლაშა ტალახაძის უმთავრესი მეტოქე ირანელი ბეჰდად სალიმია, რომელიც ლონდონის 2012 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონია და, ბუნებრივია, ტიტულის დაცვას შეეცდება. ნიშანდობლივია, რომ ირანელ სპორტსმენსაც მთავარ კონკურენტად სწორედ ჩვენებური ძალოსანი მიაჩნია.
ბრძოლის წინ Sputnik-ის კორესპონდენტი საქართველოს ძალოსნობის ფედერაციის პრეზიდენტს, სამგზის ოლიმპიურ ჩემპიონს კახი კახიაშვილს ესაუბრა.
„ლაშა ტალახაძე ჩვენი და მთელი ქვეყნის იმედია. შემთხვევითი არ არის, რომ ირანელი მეტოქე მასზე რიდით საუბრობს. ლაშა კარგ ფორმაშია, საქმეს გულით უდგება და ოლიმპიადისწინა შეკრებებიც ნაყოფიერად გაიარა. აქაც გულმოდგინედ ვარჯიშობს და, ვფიქრობ, ჩემპიონობის რეალური შანსი აქვს. მთავარია, ფიცარნაგზე რომ გავა, ფსიქოლოგიურად არ დაითრგუნოს და საკუთარი ძალების ირწმუნოს. ნაკრების მწვრთნელმა გიორგი ასანიძემაც უდიდესი შრომა გასწია, იმედი მაქვს, ყველანი ერთად გავიხარებთ“, – გვითხრა ფედერაციის პრეზიდენტმა.
კახიაშვილმა ანასტასია გოტფრიდის (+75) გამოსვლაზეც ისაუბრა და აღნიშნა:
„ოლიმპიადამდე დაახლოებით ორი თვით ადრე ვიცოდით, რომ ის რიოში ვერ გამოემგზავრებოდა. ბოლო მომენტში კი გაირკვა, რომ მან ოლიმპიური ლიცენზია მიიღო. ამ ხნის მანძილზე ის, ფაქტობრივად, შესაბამისად აღარ ვარჯიშობდა. ყოველივე ამის გათვალისწინებით რიოში ანასტასიას მიერ ნაჩვენები შედეგით კმაყოფილი ვარ. ის ჯერ მხოლოდ 20 წლის არის და ყველაფერი წინ აქვს. შემდეგი ოლიმპიური ციკლისთვის უკეთ მოემზადება და, დარწმუნებული ვარ, ბევრჯერ გაგვახარებს“.
ლაშა ტალახაძის გარდა, ძალოსნობის შეჯიბრებაში +105 კგ წონით კატეგორიაში ასევე გამოდის ირაკლი თურმანიძე.