თბილისი, 16 აგვისტო — Sputnik. საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) საპარლამენტო არჩევნებზე სკანდალური პარტია „ცენტრისტების“ რეგისტრაცია გააუქმა. მიზეზი ისაა, რომ პარტიის ხელმძღვანელი პირის (თემურ ხაჩიშვილი) უფლებამოსილებას იურიდიული ძალა არ გააჩნია.
სკანდალი პარტიის რეკლამის შემდეგ დაიწყო. „ცენტრისტების“ რეკლამა წინასაარჩევნო დაპირებებით, რომელიც რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინისა და რუსეთისდროშებიანი ტანკების ფოტოების თანხლებით მიდის, საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ეთერში გავიდა. ამ რეკლამამ საზოგადოების აღშფოთება გამოიწვია და ის მეორე დღეს ეთერიდან მოხსნეს.
„დღეის მდგომარეობით ჩვენთვის უკვე ცნობილია, რომ პოლიტიკური გაერთიანება „ცენტრისტების“ ხელმძღვანელი პირის უფლებამოსილებას არ გააჩნია იურიდიული ძალა, შესაბამისად, დღეს, 11:00 საათზე მე მოვაწერე განკარგულებას ხელი. ეს გახლავთ ცესკოს თავმჯდომარის განკარგულება პოლიტიკური გაერთიანება „ცენტრისტების“ რეგისტრაციის განკარგულების ბათილად ცნობის შესახებ“, — განაცხადა ცესკოს თავმჯდომარემ თამარ ჟვანიამ ტელეკომპანია “რუსთავი2“-ის ეთერში.
იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ ხაჩიშვილის, როგორც „ცენტრისტების“ თავმჯდომარის უფლებამოსილება 1 აგვისტოს გააუქმა, რადგან პარტიის თავმჯდომარის არჩევის პროცედურა პარტიის წესდების რეგულაციებს არ შეესაბამებოდა. ამის შესახებ დოკუმენტი ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დღეს მიიღო.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 8 ოქტომბერს გაიმართება.