თბილისი, 16 აგვისტო — Sputnik. ინდოეთის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში ერთ თვეზე მეტია გრძელდება არეულობა. მსხვერპლის რაოდენობა უკვე 64-მდე გაიზარდა. საპროტესტო აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის მორიგი შეტაკება ჯამუ და ქაშმირის შტატში სამშაბათს მოხდა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“ ტელეარხ NDTV-ზე დაყრდნობით.
მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ დაღუპულია 55 ადამიანი, ხოლო დაშავებულია დაახლოებით 8 ათასი.
ტელეარხის ინფორმაციით, მორიგი შეტაკებისას საპროტესტო აქციის მონაწილეები პოლიციას ქვებს ესროდნენ, პოლიციამ ხალხის დასაშლელად ცეცხლი გახსნა. ამის შედეგად დაიღუპა ოთხი ადამიანი, 15 დაიჭრა.
მასობრივი საპროტესტო აქციები ქაშმირის ხეობაში 8 ივლისს 22 წლის ახალგაზრდის მკვლელობას მოჰყვა, რომელიც ინდოეთში ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებული დაჯგუფება „ჰიზბ-ულ-მუჯაჰიდინის“ აქტივისტი იყო.
ჯამუ და ქაშმირის შტატში, რომელიც ერთადერთია ინდოეთში, სადაც მოსახლეობის უმრავლესობას მუსლიმანები შეადგენენ, აქტიურად მოქმედებენ სეპარატისტები, რომლებიც პაკისტანთან შეერთებას ემხრობიან. ამასთან, ქაშმირში ინდოეთსა და პაკისტანს შორის ოფიციალური საზღვარი არ არის — ორი სახელმწიფოს ჯარს საკონტროლო ხაზი ჰყოფს.