თბილისი, 16 აგვისტო — Sputnik. ირანის ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებმა ქვეყნის დასავლეთ ნაწილში სამი ტერორისტი მოკლეს, ერთ-ერთს შაჰიდის ქამარი აღმოაჩნდა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“ სააგენტო ISNA-ზე დაყრდნობით.
„დღეს, დილით სპეცრაზმმა და ანტიტერორისტულმა ქვედანაყოფმა სამხედროებთან ერთად ჩაატარეს ოპერაცია, რომლის დროსაც მოხდა შეტაკება. სამივე ტერორისტი ლიკვიდირებულია“, — განაცხადა ქერმანშაჰის პროვინციის პოლიციის უფროსმა მანუჩერ ამან ელაჰიმ.
მან ასევე აღნიშნა, რომ ცნობა ტერორისტების ქალაქში შეღწევის შესახებ სწორედ სამხედროებმა მიაწოდეს. ელაჰის არ დაუკონკრეტებია, რომელ დაჯგუფებას ეკუთვნოდნენ ლიკვიდირებული ტერორისტები.