რიო-დე-ჟანეირო, 15 აგვისტო — Sputnik, კახა ბერიძე. პირველად 12 წლის განმავლობაში საქართველოს ძიუდოს ნაკრებმა ოლიმპიურ თამაშებზე ოქროს მოპოვება ვერ შეძლო. 2004 წელს ათენში გამარჯვება ზურაბ ზვიადაურმა იზეიმა, რომელმაც საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიის განმავლობაში პირველი ოქრო მოუტანა. ოთხი წლის შემდეგ პეკინის თამაშებზე ირაკლი ცირეკიძემ გაიმარჯვა. ლონდონის ოლიმპიადაზე კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ლაშა შავდათუაშვილი ავიდა.
რიოს ოლიმპიადაზე ქართველი ძიუდოისტების ყულაბა ორი მედლით — შავდათუაშვილის ბრინჯაოთი და ვარლამ ლიპარტელიანის ვერცხლით შეივსო, მაგრამ ოქროთი — არა, ათენში დაწყებული ტრადიცია დაირღვა.
ქართველი გულშემატკივარი მაქსიმალისტია, მით უმეტეს, როდესაც საქმე ძიუდოისტებს ეხება. მათ ხომ ბოლო დროს გამარჯვებებს აგრერიგად მიგვაჩვიეს. ოდნავი იმედგაცრუება შევნიშნეთ ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტს დავით ქევხიშვილსაც.
Sputnik-ის კორესპონდენტმა რიო-დე-ჟანეიროში საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტთან დავით ქევხიშვილთან გასაუბრება მოახერხა, რომელსაც იმედგაცრუების დამალვა უჭირდა.
— რა თქმა უნდა, ამ ოლიმპიადაზე ოქროს ველოდი და გულდაწყვეტილი ვარ. ეს ჩვენს გუნდს რეალურად შეეძლო – პოტენციალით და წინა წლების გამოცდილებიდან გამომდინარე. თან ნაკრების წევრები იმ ასაკში არიან, როდესაც მათგან უმაღლეს შედეგს ყველაზე მეტად უნდა ელოდო.
– რამ შეუშალათ ხელი?
— დავსხდებით, გავაანალიზებთ და შემდეგ უკეთ შეგვეძლება დეტალებზე საუბარი. ამ ეტაპზე კი მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ ცხვირის ჩამოშვება საჭირო არაა. გუნდმა ოლიმპიურ თამაშებზე შვიდი წონითი კატეგორიიდან ორში მედალი მოიპოვა.