1931 წელს დაიბადა ტფილისში, მთაწმინდაზე, მაშინდელი ძერჟინსკის, ახლანდელი ინგოროყვას ქუჩაზე.
სკოლაში სოლოლაკში დადიოდა, სახელგანთქმულ ვაჟთა 43-ეში.
თბილისში ბევრი მეგობარი ჰყავდა, მათ შორის, ევგენი პრიმაკოვი — მე-20 საუკუნის ცნობილი პოლიტიკური მოღვაწე და კიდევ ვლადიმირ ბურაკოვსკი, რომელმაც საქვეყნოდ გაითქვა სახელი, როგორც უძლიერესმა კარდიოქირურგმა.
მიქაელ ტარივერდიევის მამა ლევონ ნავასარდოვიჩი, რომელიც სახელმწიფო ბანკის დირექტორად მსახურობდა, რეპრესიებში მოჰყვა. დედამ გაჭირვებით დააღწია თავი პატიმრობას.
წლების მერე მიქაელი მემუარებში ჩაწერს:
„სტატისტიკის სამმართველოში, სადაც დედა მუშაობდა, პარტიულ კრებაზე რომელიღაც „პარტაიგენოსემ“ განაცხადა, რომ დედაჩემი აბრეშუმის წინდებს ატარებდა, რომ კარგი იქნებოდა გახსენება, რა ოჯახიდანაც ბრძანდებოდა — ანუ, სრულიად არაპროლეტარულიდან, და რომ ჯერ კიდევ დასამტკიცებელი იყო, ჰქონდა თუ არა რაიმე დამსახურება რევოლუციაში…
თითქოს სასაცილო ბრალდებაა, მაგრამ მაშინ, იმ წლებში ამაში სასაცილო არაფერი იყო. ამ განხილვას შედეგად შესაძლოა პარტიიდან გარიცხვა მოჰყოლოდა, ხოლო პარტიიდან გარიცხვას ავტომატურად თან სდევდა დაპატიმრება. ეს კი ოჯახს „ხალხის მტრის“ რანგში აყენებდა. ასე რომ, სასაცილოდ მართლაც არ გვქონდა საქმე.
მახსოვს, როგორ ჩურჩულით განიხილებოდა სამზარეულოში საკითხი: ღირს მონანიება თუ არა? საბოლოოდ დედამ განაცხადა, არაფერიც არ მაქვს მოსანანიებელიო და ასეც მოიქცა… უბედურებამ მაშინ გვერდი აგვიარა და დედაჩემიც მაინც დადიოდა აბრეშუმის წინდებით“.
მიქაელმა თბილისის კონსერვატორიის მუსიკალური სკოლა დაამთავრა. მერე იყო ერევანში გატარებული რამდენიმე კვირა, ბოლოს კი მოსკოვი, სადაც გაითქვა კიდეც სახელი თავისი კინომუსიკით. მისი ნაწარმოებები ისე შეუყვარდა ხალხს, რომ სახალხო არტისტის წოდება — ეს მხოლოდ ოფიციალური სტატუსი არ იყო.
მიქაელ ტარივერდიევმა 132 ფილმისთვის დაწერა მუსიკა, შექმნა ოთხი ოპერა, ოთხი ბალეტი, საორგანო და საფორტეპიანო თხზულებები და ვოკალური ციკლები.
მიქაელი იხსენებდა, კომპოზიტორად გახდომა სრულიად შემთხვევით გადავწყვიტეო. თბილისში ერთი მეზობელი ჰყოლია, რომელსაც შინ, თურმე, როიალი ედგა. პატარა მიქაელი ხშირად შედიოდა მასთან და ინსტრუმენტზე „ხელების ბარტყუნით“ ერთობოდა. ბოლოს ამ დაუსრულებელი სავარჯიშოებით თავგაბეზრებულ მეზობელს უთქვამს, მოდი, რა, მშობლებმა პიანინო მაინც გიყიდონ და მერე იმაზე რამდენიც გინდა, დაუკარიო.
ასეც მოხდა. მშობლებმა პიანინოც შეიძინეს და ბიჭი მუსიკაზეც შეიყვანეს. გაკვეთილებზე მიქაელს უცნაური პიესების შესრულება უწევდა. ერთ-ერთ ნაწარმოებს „თოჯინის დაკრძალვა“ ერქვა და მომავალ კლასიკოსს საშინლად აღიზიანებდა ეს სახელწოდება. ჰოდა, გადაწყვიტა, თავად შეექმნა მუსიკა…
მოგვიანებით, როცა რეჟისორი ტატიანა ლიოზნოვა ფილმ „გაზაფხულის ჩვიდმეტი გაელვების“ გადაღებას დაიწყებს, მიქაელ ტარივერდიევის წინაშე ურთულეს ამოცანას დააყენებს: შექმნას მუსიკა სცენისთვის, სადაც შტირლიცი ცოლს ხვდება, ანუ გადაფაროს რვაწუთიანი ეპიზოდი, რა დროსაც ერთი სიტყვაც კი არ წარმოითქმება…
და კომპოზიტორმა დაწერა ერთ-ერთი ყველაზე სულისშემძვრელი მუსიკა, რომელიც, როგორც თავად ამბობდა, თურმე, თბილისში გატარებულმა ბავშვობის წლებმა შთააგონა, როცა მაშინდელი ენგელსის (დღევანდელი ასათიანის) ქუჩით გაკვეთილებზე მიდიოდა…
დიახ, ტარივერდიევის ბავშვობის წლები თბილისთან იყო დაკავშირებული, მოწიფულობისა და დიდებისა კი მოსკოვთან.
ამბობდა, მოსკოვში რომ გადავედი საცხოვრებლად, დიდხანს ვერ ვეგუებოდი, რომ ჩემი ფანჯრებიდან მთები არ ჩანდაო…
როცა „გაზაფხულის 17 გაელვება“ ეკრანებზე გამოვიდა, საბჭოთა კავშირის კომპოზიტორთა კავშირმა საერთაშორისო ბლანკზე დაბეჭდილი ტელეგრამა მიიღო: „გილოცავთ ჩემი მუსიკის წარმატებას თქვენ ფილმში. ფრენსის ლეი“.
ამ ტელეგრამით ტარივერდიევს პირდაპირ სდებდნენ ბრალს იმაში, რომ მან მუსიკა ფრანგ კომპოზიტორ ლეის მოპარა. ამ საეჭვო ხუმრობას შედეგად მოჰყვა ის, რომ რადიო თუ ტელეგადაცემებიდან ტარივერდიევის მუსიკალური ნაწარმოებების ამოჭრა დაიწყეს, ხოლო კონცერტებზე კომპოზიტორს გამუდმებით უსვამდნენ კითხვას, მართალია თუ არა, რომ ამ „ქურდობისთვის“ ათასი დოლარი გადაგახდევინეს ჯარიმადო?
ჭორი საოცარი სისწრაფით მოედო ქვეყანას და ტარივერდიევს წარმატების სიხარული ჩაშხამდა. მაშინ კი გადაწყვიტა, მოეძებნა ფრენსის ლეი.
ამაში მას პარიზში „სოვექსპორტფილმის“ წარმომადგენელი ოთარ თენეიშვილი დაეხმარა. მიქაელმა ფრანგი კომპოზიტორი იპოვა და საქმე გაარკვია. აღმოჩნდა, რომ ფრენსის ლეის არანაირი ტელეგრამა არ გაეგზავნა სსრკ-ის კომპოზიტორთა კავშირში, და რომ ეს ვიღაცის ბოროტი „ხუმრობა“ იყო. აი, ამ ტექსტის შემცველი ტელეგრამა კი მართლა აფრინა ფრანგმა მუსიკოსმა მოსკოვში და ყველაფერი კარგად დამთავრდა…
მიქაელ ტარივერდიევი 64 წლისა გარდაიცვალა სოჭში. მისი მოსკოვური ბინის სადარბაზო შესასვლელს სამ ენაზე შესრულებული მემორიალური დაფა ამშვენებს – რუსულად, სომხურად და ქართულად…
ამ შემოდგომაზე თბილისი თავის დიდებულ შვილს გაიხსენებს. ოპერის სცენაზე ჩვეულებრივი მთაწმინდელი გენიოსის მუსიკას დაუკრავენ…