თბილისი, 15 აგვისტო — Sputnik. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ 6,4 მლნ ლარზე მეტი ღირებულების სახელმძღვანელოები და რვეულები შეიძინა, ქვეყნის ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში მათი გაცემა უკვე დაიწყო, აღნიშნულია edu.aris.ge ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
პირველად სახელმძღვანელოებისა და რვეულების დარიგება სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის სკოლებში დაიწყო.
სახელმძღვანელოებისა და რვეულების გაცემა 14 სექტემბერს დასრულდება. ყველა მოსწავლე მათ უფასოდ მიიღებს. სწავლა 15 სექტემბერს დაიწყება.
2016 წელს განათლების სამინისტრომ 573 ათასზე მეტი წიგნი და თითქმის 1,8 მილიონი რვეული შეიძინა. სასკოლო სახელმძღვანელოები სამინისტროს დაახლოებით 2,2 მლნ ლარი დაუჯდა, ხოლო რვეულები — 4,2 მლნ ლარზე მეტი.
გასულ კვირაში განათლების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა გამოვიდა ინიციატივით, რომ სახელმძღვანელოები და ნეთბუქები უფასოდ მხოლოდ გაჭირვებული ოჯახების ბავშვებმა მიიღონ. ეს სიახლე, შესაძლოა, 2017 წელს დაინერგოს.