თბილისი, 14 აგვისტო – Sputnik. საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, რომელიც რიო–დე–ჟანეიროში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება, ოლიმპიური თამაშების ფარგლებში, თავის ბრაზილიელ კოლეგას ლეონარდო პისიანის შეხვდა.
გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მინისტრებმა სპორტის სფეროში ინფორმაცია გაცვალეს, ასევე მიმდინარე რიო 2016-ის შესახებ ისაუბრეს და საქართველოსა და ბრაზილიის სპორტის სამინისტროებს შორის სამომავლო ურთიერთთანამშრომლობის გეგმები დასახეს, იუწყება სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პრეს–სამსახური.
შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ 2016 წლის ბოლომდე საქართველოსა და ბრაზილიას შორის თანამშრომლობის მემორანდუმს მოეწერება ხელი. ქართულმა მხარემ ბრაზილიის სპორტის მინისტრი საქართველოში მოიწვია და მემორანდუმზე ხელმოწერა მისი საქართველოში საპასუხო ვიზიტისას გაიმართება.
„ჩვენთვის ნამდვილად მნიშვნელოვანია იმ ცოდნის გაზიარება, რაც ბრაზილიას დაუგროვდა სპორტული ღონისძიებების განხორციელების კუთხით, მით უმეტეს, რომ საქართველომ 2017 წელს არაერთ საერთაშორისო დონის სპორტულ ტურნირს უნდა უმასპინძლოს. ჩემს ბრაზიელიელ კოლეგასთან შეხვედრის დროს საუბარი იყო სამომავლო გეგმებსა და თანამშრომლობის ახალ ეტაპზე გადასვლაზე, ასევე ერთობლივი საწვრთნელი შეკრებების ორგანიზებაზე", — განაცხადა ტარიელ ხეჩიკაშვილმა.