თბილისი, 13 აგვისტო — Sputnik. დაბა შეკვეთილში მინიატურების პარკი გაიხსნა, რომელშიც საქართველოს კულტურულ-არქიტექტურული ძეგლების მინიატურებია წარმოდგენილი, ნათქვამია მთავრობის ოფიციალურ ვებგვერდზე.
პარკი „საქართველო მინიატურებში“, რომელიც ორ ჰექტარ მიწის ფართობს იკავებს, საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ მორიგი საჩუქარია საქართველოს მოსახლეობისთვის.
მინიატურების პარკის სახელმწიფოსთვის გადაცემის ცერემონიას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დაესწრო, რომელმაც მადლობა გადაუხადა ფონდ „ქართუს“ და მის დამფუძნებელ ბიძინა ივანიშვილს საქართველოს მოსახლეობისთვის გაკეთებული კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საჩუქრისთვის.
„მინდა საქართველოს მივულოცო კიდევ ერთი ღირსშესანიშნავი ობიექტი… მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და დიდი მადლობა გადავუხადო ბატონ ბიძინა ივანიშვილს. ეს არის მართლაც ღირშესანიშნავი პარკი, რომელიც დარწმუნებული ვარ, გახდება ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ადგილი, პირველ რიგში საქართველოს მოქალაქეებისთვის და, რა თქმა უნდა, ტურისტებისთვის“, — განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
პრემიერის თქმით, „ამგვარი პარკები ბევრ ქვეყანას არ აქვს“ და შესაბამისად, მსგავსი სარეკრეაციო ზონის არსებობა „მართლაც დიდი ფუფუნებაა“.
მინიატურების პარკის სახელმწიფოსთვის გადაცემის დოკუმენტს ხელი მოაწერეს ფონდ „ქართუს“ გამგეობის თავმჯდომარე ნიკოლოზ ჩხეტიანმა და სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ირაკლი შენგელიამ.
მინიატურების პარკის მშენებლობა, რომელიც კომპანია „არქიტექტურული ლაბორატორია №3-მა“ დააპროექტა, 2014 წლის ზაფხულში დაიწყო. კომპლექსი მოიცავს პარკს, თავად მინიატურებს, ინფრასტრუქტურას და ვიზიტორთა ცენტრს, რომელშიც განთავსებულია მინი ამფითეატრი, კაფე და სხვა ფუნქციური სივრცეები.
პარკში წარმოდგენილია 44 არქიტექტურული ძეგლის მინიატურა, რომლებსაც წლის ბოლოს კიდევ 5 ძეგლი შეემატება. 2017 წლისთვის დაგეგტმილია პარკის კიდევ რამდენიმე მინიატურით შევსება.
მინიატურების პირველი პარკი უკვე ელის დამთვალიერებლებს.