თბილისი, 12 აგვისტო — Sputnik. საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ სამკურნალო კურორტების შესახებ ახალი ბროშურის პრეზენტაცია მოაწყო.
ბროშურა სამკურნალო ტურიზმის განვითარების მიზნითაა გამოცემული რუსულ და ინგლისურ ენებზე და მთელ ქვეყანაში ტურიზმის ადმინისტრაციის საინფორმაციო ცენტრებში, ასევე საერთაშორისო ტურისტულ გამოფენებზე იქნება ხელმისაწვდომი.
გამოცემაში, გარდა კურორტების ჩამონათვალისა, არის ქვეყნის ბალნეოლოგიური რესურსების ზოგადი აღწერილობა. ბროშურა ძალზე წაადგება ტურისტებს, რადგან მასში ასევე წარმოდგენილია ინფორმაცია სანატორიუმებზე, სასტუმროებსა და სასტუმრო ცენტრებზე, სადაც სხვადასხვა ტიპის სარეაბილიტაციო-პროფილაქტიკური მომსახურება არსებობს.
ბროშურაში წარმოდგენილია ინფორმაცია სპა-კურორტებზე თბილისში, ბორჯომში, წყალტუბოში, საირმეში, ნუნისში, ურეკსა და გრიგოლეთში. ახალი კურორტების გაჩენის შემდეგ ბროშურები განახლდება.