თბილისი, 12 აგვისტო — Sputnik. პოლიციამ საქართველოს პარლამენტის ყოფილი დეპუტატის ნოდარ მოდებაძის განზრახ მკვლელობაში ეჭვმიტანილი პირი დააკავა, იუწყება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახური.
ყოფილი დეპუტატი 8 აგვისტოს თელავის რაიონის სოფელ აკურაში მოკლეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა, 1996 წელს დაბადებულმა ა. ზ.-მ ურთიერთშელაპარაკებისას 1950 წელს დაბადებულ მოდებაძეს სანადირო თოფით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა და მიიმალა. დაჭრილი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.
„სამართალდამცველებმა ა. ზ. მომხდარიდან რამდენიმე დღეში დააკავეს. პოლიციამ დაკავებულის პირადი ჩხრეკისას დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღო“, — ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით „განზრახ მკვლელობა“.
ნოდარ მოდებაძე პარლამენტის წევრი იყო 1999-2004 წლებში. ის ასლან აბაშიძის „აღორძინების“ ბლოკს წარმოადგენდა.
ყოფილი დეპუტატი საქართველოს პროკურატურამ შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის ვანო მერაბიშვილისა და იუსტიციის ყოფილი მინისტრის ზურაბ ადეიშვილის მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების გადაჭარბების შესახებ საქმეში დაზარალებულ მხარედ სცნო. ყოფილ მაღალჩინოსნებს პროკურატურამ აკურის ღვინის ქარხნის მითვისებაში დასდო ბრალი, რომელიც 2004 წელს ნოდარ მოდებაძესა და თეიმურაზ მეგრელიშვილს ეკუთვნოდათ.