თბილისი, 12 აგვისტო — Sputnik. რუსული მხარე უკრაინასთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის შესაძლებლობას განიხილავს, იუწყება საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“ გაზეთ „იზვესტიაზე“ დაყრდნობით.
უფრო ადრე რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა განაცხადა, რომ აღკვეთა ტერაქტები, რომლებიც, რუსული მხარის მტკიცებით, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარმა სამმართველომ მოამზადა. დივერსანტების დაკავებისას ორი რუსი სამხედრო დაიღუპა. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა, მომხდარზე კომენტარისას, განაცხადა, რომ „ნორმანდიულ ფორმატში“ შეხვედრები ასეთ პირობებში უაზრობაა.
ამის საპასუხოდ მოსკოვმა, შესაძლოა, კიევში რუსეთის დიპლომატიური წარმომადგენლობა დახუროს და ყველა დიპლომატი გაიწვიოს, წერს „იზვესტია“ ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით რუსულ საგარეო-პოლიტიკურ წრეებში.
„ხისტი პასუხის ერთ-ერთი შესაძლო ვარიანტი შეიძლება დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტა გახდეს. მოსკოვში ამ ვარიანტზე მუშაობენ. თუმცა, საბოლოო სიტყვა სახელმწიფოს მეთაურზეა, რომელიც გადაწყვეტილებას შეკრებილი მონაცემების საფუძველზე მიიღებს“, — აღნიშნა ანონიმურმა წყარომ.
„რაც შეეხება დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტას — ეს სახელმწიფოს მეთაურის პრეროგატივაა. მაგრამ აუცილებელია, მოსკოვმა კიევთან ურთიერთობებს გადახედოს ბოლო მოვლენების გათვალისწინებით“, — განმარტა ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო კომიტეტის ხელმძღვანელის მოადგილემ ვლადიმირ ჯაბაროვმა „იზვესტიასთან“ საუბრისას.
უკრაინის ხელისუფლებას ახალი ელჩის კანდიდატურა ჯერ არ დაუმტკიცებია და ქვეყანაში მოსკოვის ინტერესებს დროებითი რწმუნებული ახორციელებს.
რუსეთმა აგრემანი ითხოვა მიხაილ ბაბიჩის დასანიშნად, რომელსაც მიხაილ ზურაბოვი უნდა შეეცვალა. საპასუხოდ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ელენა ზერკალმა განაცხადა, რომ კიევი ამ საკითხს არ განიხილავს.
რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დმიტრი პესკოვმა აღნიშნა, რომ მოსკოვი კვლავ ახალი ელჩის დანიშვნის წინადადებით გამოდის, მაგრამ თუ კიევი მზადაა, დიპლომატიური ურთიერთობების დონე დაბლა დასწიოს, ეს მისი არჩევანია.