თბილისი, 11 აგვისტო — Sputnik. 20 აგვისტოს ურეკში გერმანული ჯგუფის Scorpions-ის კონცერტზე დასწრების მსურველებისთვის დამატებითი მატარებელი დაინიშნება.
დიდი ინტერესის გათვალისწინებით, „საქართველოს რკინიგზამ“ სპეციალური რეისი თბილისის-ურეკი-თბილისი დანიშნა.
„მგზავრებს ორივე მიმართულებით ოთხვაგონიანი ელექტრომატარებელი წაიყვანს. მატარებელი თბილისის ცენტრალური ვაგზლიდან 10:25 საათზე გავა და ურეკში 14:51 საათზე ცავა. ურეკიდან მატარებელი 21 აგვისტოს 02:00 საათზე გამოვა და თბილისში 06:20 საათზე იქნება“, — აღნიშნულია „საქართველოს რკინიგზის“ განცხადებაში.
ურეკის გარდა, მატარებელი ქობულეთსა და ბათუმში გაჩერდება.
ცნობილი როკ-ჯგუფი კონცერტს ახალი დარბაზის Black Sea Arena-ს სცენაზე გამართავს.
ჯგუფი 1965 წელს გიტარისტმა რუდოლფ შენკერმა დააარსა. 1969 წელს მას ვოკალისტი კლაუს მაინე შეუერთდა. ჯგუფის დღევანდელ შემადგენლობაში მათ გარდა ასევე არიან: გიტარა — მატიას იაბსი, დასარტყამი ინსტრუმენტები — ჯეიმს კოტაკი, ბასი — პაველ მოლჩივოდა.
საკონცერტო დარბაზი Black sea arena საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის ფონდი “ქართუს” მიერ აშენდა, რომელიც სახელმწიფოს გადაეცა. საკონცერტო დარბაზთან ერთად სახელმწიფომ საჩუქრად მიიღო 2016 წლის სექტემბრამდე გაწერილი მსოფლიოს და საქართველოს ვარსკვლავების მონაწილეობით შედგენილი კულტურული პროგრამა, რომელსაც ფონდი „ქართუ“ აფინანსებს.
ბილეთების გაყიდვით მიღებული თანხა სახელმწიფო ბიუჯეტში ჩაირიცხება.