თსუ-ის რექტორის თანამდებობით განათლების მინისტრის მოადგილეც დაინტერესდა

გამოწერა
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის თანამდებობის მსურველთა რეგისტრაცია 9-დან 14 სექტემბრამდე პერიოდში ჩატარდება.

თბილისი, 11 აგვისტო — Sputnik. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე გიორგი შერვაშიძე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის არჩევნებში მონაწილეობას არ გამორიცხავს, რომელიც 23 სექტემბერსაა დაგეგმილი, იუწყება ტელეკომპანია GDS.

უნივერსიტეტის სტუდენტთა პროტესტი - Sputnik საქართველო
თსუ–ის სტუდენტთა ჯგუფმა, შესაძლოა, სექტემბერში საპროტესტო აქციები განაახლოს

რექტორის თანამდებობის მსურველთა რეგისტრაცია 9-დან 14 სექტემბრამდე პერიოდში ჩატარდება. მასში მონაწილეობის მიღება იმ კანდიდატებს შეუძლიათ, რომლებიც მეცნიერებათა დოქტორის ხარისხს ფლობენ. მათ უნდა წარმოადგინონ კონცეფცია და უნივერსიტეტის განვითარების გეგმა, ნასამართლეობის შესახებ ცნობა და ასევე ცნობა ნარკოლოგიურიდან.

რამდენიმე თვის წინ საქართველოს მთავარ უნივერსიტეტში უმაღლესი განათლების სისტემაში რეფორმების გატარებისა და უნივერსიტეტის სპეცსამსახურებისგან „გაწმენდის“ მოთხოვნით აქციები დაიწყო.

პროტესტის პირველმა ტალღამ რექტორი ვლადიმერ პაპავა „შეიწირა“, რომელმაც თანამდებობა დატოვა და სტუდენტების მხარეს დადგა. მეორე ტალღა ორი დღე გაგრძელდა. სტუდენტებმა აქცია საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრის შემდეგ შეწყვიტეს, რომელიც მათ რეფორმების გატარებას დაჰპირდა.

თსუ-ის რექტორის მოვალეობას დროებით პროფესორი დარეჯან თვალთვაძე ასრულებს, რომელიც ვლადიმერ პაპავას მოადგილე იყო.

ყველა ახალი ამბავი
0