ქუთაისიდან 8 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს სათაფლიის ნაკრძალი. იგი გაშენებულია 350 ჰექტარ ტერიტორიაზე, სადაც იშვიათი ჯიშის ხეები, უნიკალური მღვიმეები და კლდეებია დინოზავრების ნაკვალევით.
სათაფლიას დასახელება თაფლთან დაკავშირებით გაჩნდა. უძველეს დროში აქ ფუტკრები ცხოვრობდნენ და ხალხი თაფლისთვის მოდიოდა. ნაკრძალის ტერიტორიაზე მდებარე „კოლხეთის ტყეში“ შეიძლება იხილოთ წიფელი, წაბლი, რცხილა, თელა, ბზა, ძელქვა, მურყანი, ცაცხვი, მუხა, პანტა, მაჟალო და სხვა. ტყის განსაკუთრებულობა იმაში მდგომარეობს, რომ აქ ბალახი საერთოდ არ ხარობს, რადგან ფოთლოვანი ხეები მზის სხივებს თითქმის არ ატარებს.
სათაფლიის მღვიმე მდინარე ოღასკურას ბუნებრივ კალაპოტს წარმოადგენს. 30 მილიონი წლის განმავლობაში ეს პატარა მდინარე თანდათანობით იკვლევდა გზას კირქვისგან აგებულ ქანებში და აფართოებდა მღვიმის დერეფნებს. სწორედ ამ მდინარის საშუალებით შემთხვევით აღმოაჩინა და პირველად შეაღწია სათაფლიის მღვიმეში ცნობილმა ნატურალისტმა პეტრე ჭაბუკიანმა 1925 წელს.
მღვიმეში ზამთარ-ზაფხულ მუდმივი ტემპერატურაა – +14 გრადუსი.
სათაფლიაში აღმოჩენილია მტაცებელი და ბალახისმჭამელი დინოზავრების 200-მდე ნაკვალევი, რომლებიც მერგელოვან კირქვებზეა აღბეჭდილი. ნაკრძალში არის ბიოსპელეოლოგიური მუზეუმი. სათაფლიის დინოზავრების ნაკვალევი ბუნების უნიკალური მოვლენაა. გეოლოგიურ წარსულში, როცა აქ ზღვის სანაპირო იყო (50-60 მლნ წლის წინ), ამ მიდამოებში დინოზავრებმა გაიარეს და დატოვეს ნაკვალევი. ნაკვალევი ორ ფენაზეა წარმოდგენილი, რაც უნიკალური შემთხვევაა მსოფლიოში.
მღვიმეში შემსვლელებს გასაოცარი სამყარო ეშლებათ თვალწინ. სტალაქტიტები და სტალაგმიტები ზოგან ერთდება და ქმნის დიდი ზომის სვეტებს, რომლებიც სტალაქტიტებით შემკობილ ჭერთან და კედლებთან ერთად ზღაპრულ ნაგებობათა შთაბეჭდილებას ტოვებს. მღვიმეში დამონტაჟებულია განათებისა და აკუსტიკის თანამედროვე სისტემები.