თბილისი, 10აგვისტო — Sputnik. თავდაცვის ყოფილი მინისტრი, „თავისუფალი დემოკრატების ლიდერი“ ირაკლი ალასანია იყრის კენჭს გორში, როგორც მაჟორიტარობის კანდიდატი.
საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 8 ოქტომბერს ჩატარდება. ამჟამად საქართველოში ეგრეთ წოდებული შერეული სისტემა მოქმედებს. პარლამენტის 77 დეპუტატი პარტიული სიით აირჩევა(პროპორციული სისტემით), 73 კი-კანდიდატთა სიიდან, რომლებიც კენჭს ერთმანდატიან საარჩევნო ოლქებში იყრიან(მაჟორიტარული სისტემით).
„მე როგორც პარტიის თავმჯდომარემ მივიღე შემდეგი გადაწყვეტილება, მე პირადად ვიყრი გორში კენჭს, როგორც მაჟორიტარობის კანდიდატი, გავიმარჯვებთ გორში და ეს არ იქნება მარტო გორში, ამას ექნება სერიოზული გავლენა შედეგზე რომელსაც ერთად თავისუფალი დემოკრატები ამ ოქტომბერში მივაღწევთ,"-აცხადებს ალასანია ბრიფინგზე, რომელიც ტელეკომპანია „რუსთავი-2“-ის ეთერში გადაეცემოდა..
2009 წლის ივლისში ირაკლი ალასანიამ დააფუძნა და სათავეში ჩაუდგა „თავისუფალ დემოკრატებს“. მანამდე ის საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის თანამებრძოლი იყო.
„ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში 2012 წლის ოქტომბრიდან 2014 წლის ნოემბრამდე, ალასანია თავდაცვის მინისტრის პოსტს იკავებდა. მისი უწყების თანამშრომლების წინააღმდეგ აღძრულ სისხლის სამართლის საქმეებთან დაკავშირებით გაკეთებული ხმამაღალი განცხადებების შემდეგ მინისტრს თანამდებობა დაატოვებინეს. ალასანია გამოექომაგა თავის თნამშრომლებს და ხელისუფლება გააკრიტიკა.
ალასანიას გადადგომის შემდეგ მისი პარტია ოპოზიციაში გადავიდა.
წარსულში, 2001 წელს ალასანია საქართველოს უშიშროების სახელმწიფო დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა, 2002-2003 წლებში უშიშროების მინისტრის პირველი მოადგილე, 2004 წელს კი თავდაცვის მინისტრის მოადგილე იყო, ასევე ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივანი.
2004-2006 წლებში ალასანია აფხაზეთის დევნილ მთავრობას ხელმძღვანელობდა და ქართულ- აფხაზურ მოლაპარაკებებში სააკაშვილის თამაშემწე იყო.
2006-2008 წლებში ალასანია გაერო-ში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი იყო.