თბილისი, 10 აგვისტო — Sputnik. ფოთი 6 სექტემბერს ქალაქის დღეს — „ფაზისობა — 2016“-ს აღნიშნავს.
ფაზისი ფოთის უძველესი დასახელებაა, ამიტომ ფოთელებმა თავისი ქალაქის ზეიმს „ფაზისობა“ დაარქვეს. ეს დღესასწაული 1992 წლიდან აღინიშნება.
ამ დღეს ქალაქში გაიმართება სხვადასხვა გამოფენა, კონცერტი, ადგილობრივი პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა, ასევე ექსკურსიები ფოთის პორტში.
სადღესასწაულო ღონისძიებების ორგანიზატორია ფოთის მერიასა და საკრებულოსთან შექმნილი სპეციალური კომისია.
ფაზისობის დღესასწაულზე ასევე გაიმართება მეგრული კერძების დეგუსტაცია, ფოთის პარკში კი შესაძლებელი იქნება ნიკო ფიროსმანის ტილოების „გაცოცხლებულ“ პერსონაჟებთან შეხვედრა.
სპორტის მოყვარულებს შესაძლებლობა ექნებათ, მონაწილეობა მიიღონ ველორბოლაში, ასევე ნარდის ჩემპიონატში.
დღესასწაული „სუხიშვილების“ კონცერტით დასრულდება.