თბილისი, 6 ივლისი — Sputnik. წელს „თბილისობას“ 15-16 ოქტომბერს ვიზეიმებთ, განაცხადა თბილისის მერმა დავით ნარმანიამ.
„თბილისობას“ შემოდგომაზე 37-ედ აღნიშნავენ. პირველად „თბილისობის“ დღესასწაული 1979 წლის ოქტომბერში იზეიმეს.
„დღესასწაული წელს განსაკუთრებით მასშტაბური იქნება და მთელ ქალაქს მოიცავს", — განაცხადა ნარმანიამ.
ღონისძიებასთან დაკავშირებით, ყველა დაინტერესებულ პირს შეუძლია თბილისის მერიაში საკუთარი იდეა ან პროექტი წარადგინოს. განაცხადების მიღება თბილისის მერიის კანცელარიაში 31 ივლისამდე გაგრძელდება.
გარდა ამისა, „თბილისობა 2016“-ის ღონისძიებასთან დაკავშირებით, მოსახლეობას შეუძლია საკუთარი მოსაზრება თბილისის მერიის ან კულტურის საქალაქო სამსახურის „ფეისბუქის“ გვერდზე განათავსოს.
თბილისის მერიაში შეიქმნება კომისია, რომელიც დედაქალაქის მთავრობის წევრებით დაკომპლექტდება და მოქალაქეების მხრიდან შემოსულ წინადადებებზე იმსჯელებს.
გასულ წელს „თბილისობის“ დღესასწაულის პროგრამა კონკურსის შედეგების საფუძველზე შეირჩა. ღონისძიების თემა ბუნებრივი რესურსების დაცვა იყო.