თბილისი, 17 ოქტომბერი — Sputnik. თბილისის მთავარი დღესასწაული — "თბილისობა", რომელიც ასე უყვართ და რომელსაც ასე ელიან თბილისელები და დედაქალაქის სტუმრები, ტრადიციულად ყოველთვის ღია ცის ქვეშ იმართება. თუმცა ამჯერად ამინდმა არ გაამართლა — შაბათს დილიდან წვიმდა, ციოდა და თბილისელები ფანჯრებიდან გასცქეროდნენ საყვარელი ქალაქის სველ ქუჩებს.
მხოლოდ შუა დღისთვის ინება მზემ გამონათება და რიყის პარკი, სადაც „თბილისობის“ მთავარი ღონისძიებები იყო დაგეგმილი, ნელ-ნელა აივსო ხალხით.
„თბილისობა 2015“-ის სტუმრები მარია და ანდრეი სკვორცოვების ოჯახი ორი დღის წინ ესტუმრა თბილისს. საქართველოში პირველად არიან, თუმცა უკვე აღფრთოვანებით საუბრობენ როგორ დაიპყრო მათი გული თბილისმა.
„თბილისში ყველაფერი მოგვწონს. ეს ახალი არქიტექტურაც კი, რომელიც ერთი შეხედვით თითქოს არ უხდება ძველ ქალაქს… მაგრამ საქართველოს მთავარი სიამაყე მაინც მისი ხალხია — ლამაზი, ღიმილიანი და თბილი“, — თქვა ანდრეიმ.
„…და კიდევ ძალიან გაგვიმართლა, რომ თბილისობაზე მოვხვდით, აქ იმდენად მიმზიდველი, სიყვარულის ატმოსფეროა… ირგვლის შემოდგომის, სანელებლების სურნელი ტრიალებს…აუცილებლად დავბრუნდებით უახლოეს მომავალში, ეხლა კი ვაპირებთ სრულად დავტკბეთ დღესასწაულით“, — თქვა მარიამ.
სიამოვნებისათვის კი „თბილისობის“ სტუმრებს უამრავი საბაბი ჰქონდათ — რიყეზე მისულთ ღვინის, მწვადის, ჩურჩხელების ხილისა და ყვავილების საოცარი არჩევანი ელოდათ, შემოდგომის ჭირნახულის თავბრუდამხვევი სურნელი და ამასთან, დღესასწაულთან დაკავშირებით, საბაგირო გზა უფასოდ ემსახურებოდა ნარიყალაზე ასვლისა და ძველი თბილისის ხედებით დატკბობის მსურველთ.
წელს „თბილისობის“ მთავარი თემა გარემო იყო და ამასთან დაკავშირებით, რიყის პარკში სხვადასხვა გარემოს დაცვასთან დაკავშირებული ღონისძიებები შესთავაზეს პატარებს. ბავშვები რგავდნენ ნერგებს, ხატავდნენ ბუნებას, ილუსტრირებულ ალბომებში ეცნობოდნენ საქართველოს ფლორასა და ფაუნას.
„თბილისობის“ მთავარ სცენაზე კი „ცეცხლი“დაანთეს ცნობილმა ქართულმა ფოლკლორულმა ანსამბლებმა —„რუსთავი“, „ერისიონი“, „დიდგორი“, „ბასიანი“ და სხვებმა.
„ერთია ნახო ეს ყველაფერი Youtube-ზე, და მეორე, როცა თავად ხარ ამ ყველაფრის მოწმე. ეს მეტყველი სახეები, ძლიერი და ხავერდოვანი ხმები, ქართული ეროვნული ცეკვები — აი ქალაქის სული… და ეს ყველაფერი მშვენიერია! — თქვა დღესასწაულის სტუმარმა ჰელენა შულცმა.
დღესასწაულის სტუმრებს უამრავი გასართობი შესთავაზეს: სპორტული სანახაობები და ღია ტურნირები, ახალგაზრდები ჭადრაკს თამაშობდნენ, მოწიფულები — ნარდსა და შაშს, გიმნასტები ბატუტზე დაფრინავდნენ, ვისაც არ ეშინოდა ცხენს დააგელვებდა. ყველა კუთხე კუნჭულში შემოდგომის ჭირნახული, ხელნაკეთი ნივთები და ყვავილები იყო გამოფენილი.
მეტეხის ხიდზე კი „თბილისობის“ სტუმრებს საოცარი სურათი ელოდათ — ხიდი დროებით ქართველ მეფეთა სავანედ იქცა. მათი ფიგურები პანტომიმის თეატრის მსახიობებმა გააცოცხლეს და დედაქალაქის სტუმრების წინაშე წარსდგნენ საქართველოს ისტორიის ფურცლებიდან გადმოსული თამარ მეფე და რუსუდან დედოფალი, სოლომონ I და ბაგრატ III, ფარნავაზი და მირიანი, ქართლის დედა და შოთა რუსთაველი…
„საოცარი სანახაობაა, რომელსაც ისტორიის ვერც ერთ სახელმძღვანელოში ვერ ნახავ“- თქვა „თბილისობის“ სტუმარმა ნინო ბერიძემ.
„თბილისობის“ ორგანიზატორებს არც ახალგაზრდები დავიწყებიათ. სპეციალურად მათთვის წელს ცალკე სცენა გამოიყო მუსიკალური LIVE ფესტივალისათვის. დღის მეორე ნახევარში ამ სცენაზე ერთმანეთს ცვლიდნენ პოპულარული ქართული მუსიკალური კოლექტივები როკის, ინდის, პანკისა და ალტერნატიული მუსიკის სტილით.
საღამოს კი კულტურული პროგრამა თბილისი „გარდენ ჰოლში“ ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალის GIFT-ის საზეიმო გახსნის ცერემონიით დასრულდა. ფესტივალის ორგანიზატორებმა მაყურებლებს ფესტივალის მონაწილეები წარუდგინეს — ცნობილი თეატრალური კოლექტივები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან, რომლებიც ერთი თვის მანძილზე თბილისის სხვადასხვა თეატრის სცენაზე თავიანთ ნამუშევრებს წარმოადგენენ.