თბილისი, 10 აგვისტო — Sputnik. ანუარ დუისენბინოვმა, საქართველოს მთებში დაკარგული სერგეი ტროფიმოვის მეგობარმა ყაზახეთის პრეზიდენტ ნურსულთან ნაზარბაევს საჩივრის წერილით მიმართა, რომელშიც აცხადებს, რომ ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრო დაკარგულის ძებნაში უმოქმედოა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო Новости-Казахстан.
ტროფიმოვთან კავშირი 23 ივლისის შემდეგ გაწყდა. ბოლოს ის სვანეთის მაღალმთიან სოფელ უშგულში ნახეს, სადაც მან ადგილობრივ მცხოვრებთან ზურგჩანთა დატოვა. ტროფიმოვის გაუჩინარების შესახებ ინფორმაცია 4 აგვისტოს გავრცელდა. ყაზახეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახურის უფროსმა ანუარ ჟაინაკოვმა განაცხადა, რომ ეს საკითხი უწყების განსაკუთრებულ კონტროლზეა აყვანილი, ამჟამად ახალგაზრდის ძებნა გრძელდება.
„პრეზიდენტსაც კი მივწერე… რომ საქართველოში ყაზახეთის მოქალაქე დაიკარგა, საგარეო საქმეთა სამინისტრო კი უმოქმედოდაა. მართალია, მესმის, რომ პასუხი შეიძლება საერთოდ არ მივიღო ან ამას საერთოდ არანაირი რეაქცია არ ჰქონდეს, მაგრამ რა იცი, რა ხდება? საგარეო საქმეთა სამინისტროსაც მივწერე. ეს წერილები სადღაც ორი დღის წინ გავგზავნე. ჯერჯერობით რეაქცია არ არის. იმედი მაქვს, მჯერა, ველოდები“, — დაწერა დუისენბინოვმა „ფეისბუქის“ გვერდზე.
მისი თქმით, საქართველოს შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს 10-კაციანი ჯგუფი მთებში მოსაძებნად წავიდა, თუმცა მალევე ორად გაიყო. მაშველების ერთი ნაწილი ამავე მთებში დაღუპული უკრაინელის ცხედრის ტრანსპორტირებით იყო დაკავებული, ხოლო მეორე ნაწილი — ტროფიმოვის მეგობარი რომანი, მეუღლე ევგენია და ერთი მაშველი სერგეის ეძებდნენ.
„ანუ, ფორმალურად, საქართველოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა პირობა შეასრულა და ათკაციანი სამაშველო ჯგუფი გაგზავნა, თუმცა, სინამდვილეში სერგეის გუშინ სამაშველო სამსახურიდან მხოლოდ ერთი ადამიანი ეძებდა. შედეგად, სერგეის მეგობრები საშიშ ადგილებში მას დამოუკიდებლად ეძებდნენ. რომანი ამბობს, რომ ხანდახან არა მხოლოდ გესმის, არამედ ხედავ კიდეც იქ ზვავს“, — წერს სერგეის მეგობარი.
უშგული საშიში, ძნელად გასავლელი და მოშორებული რაიონია, აღნიშნავს დუისენბინოვი.
„იქნებ, მე რაღაც არ მესმის, მაგრამ რას აკეთებენ ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლები, თუ ამასაც ვერ მიაღწიეს… იქ მოხალისეების მოძებნაც ჭირს“, — აცხადებს ის.
საინფორმაციო საშუალებების ცნობით, ტროფიმოვმა საქართველოს საზღვარი 6 ივლისს ვლადიკავკაზის მხრიდან გადმოკვეთა. ცნობილია, რომ ის ე.წ. ავტოსტოპით მოგზაურობდა. ის რამდენიმე ქალაქში იმყოფებოდა და შემდეგ მთაში გაუჩინარდა.