თბილისი, 9 აგვისტო — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა უარი უთხრა საინიციატივო ჯგუფს რეფერენდუმის ჩატარებაზე ერთსქესიანთა ქორწინების აკრძალვის თაობაზე.
საინიციატივო ჯგუფმა ივლისში ცესკოში 200 ათასზე მეტი ხელმოწერით განაცხადი შეიტანა რეფერენდუმის ჩატარების მოთხოვნით, რომლის მიზანია — საკანონმდებლო დონეზე ქორწინების დაკანონება მხოლოდ როგორც ქალისა და მამაკაცის კავშირის.
”რაც შეეხება ამ კონკრეტულ წინადადებას, რომელიც შემოსულია რეფენდუმთან დაკავშირებით. მასში წარმოდგენილი ფორმულირება არ ექვემდებარება რეფერენდუმს, ვინაიდან ეს საკითხი უკვე გადაწყვეტილია ქართულ კანონმდებლობაში და დადგენილია, რომ ქორწინება ოჯახის შექმნის მიზნით ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირია”, — განაცხადა პრეზიდენტმა.
მისივე თქმით, ამავე დროს, კანონმდებლობა კრძალავს კანონის ან კონსტიტუციური ცვლილების რეფენდუმით მიღებას. ”შესაბამისად, თუ არსებობს ასეთი სურვილი, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით მიღებულ იქნას კონსტიტუციური ცვლილება, ასეთ შემთხვევაში, მე სრულიად ვეთანხმები საქართველოს პრემიერ-მინისტრს, რომ შესაბამისი კანონპროექტი უნდა განიხილოს საქართველოს პარლამენტმა”, — აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.
გიორგი მარგველაშვილმა ასევე შეახსენა რეფერენდუმის ინიციატორებს კანონი „რეფერენდუმის შესახებ“, რომელიც რეფერენდუმის საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ჩატარებას ითვალისწინებს. მისი თქმით, ეს შეუძლებელია, რადგან ოფიციალური თბილისი ვერ აკონტროლებს ორ რეგიონს — აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს.