თბილისი, 9 აგვისტო — Sputnik. მთავრობის გადაწყვეტილებით, დევნილთა და განსახლების სამინისტრომ სოფელ ხურჩაში, საოკუპაციო ხაზის გამშვებ პუნქტთან მოკლულ გიგა ოთხოზორიას შვიდ სულიან ოჯახს ზუგდიდის ცენტრში სახლი გადასცა.
ოთხოზორია 19 მაისს სოფელ ხურჩაში ცეცხლსასროლი იარაღით სასიკვდილოდ დაჭრეს. ქვეყნის მთავარმა პროკურატურამ ბრალი წაუყენა აფხაზეთის დე-ფაქტო სასაზღვრო ძალების წარმომადგენელს რაშიდ კანჯი-ოღლის და ინტერპოლს მიმართა შუამდგომლობით - ბრალდებულზე წითელი ცირკულარით ძებნის გამოცხადებაზე. თავად კანჯი-ოღლი ამ დრომდე შინაპატიმრობაში იმყოფება აფხაზეთში.
გიგა ოთხოზორიას ოჯახმა, რომელიც ქირით ცხოვრობდა, ზუგდიდის ცენტრში კერძო სახლი საკუთარი სურვილით შეარჩია. ახალი სახლში გადასვლისთვის საჭირო ტრანსპორტირების ხარჯები ადგილობრივმა ხელისუფლებამ დაფარა
დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი და სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონია ოთხოზორიების ოჯახს სამშაბათს ესტუმრნენ და საცხოვრებელი სახლის საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა პირადად გადასცეს.
სოფო კაკაჩია