თბილისი, 9 აგვისტო — Sputnik. თბილისში ავტოსაგზაო შემთხვევების მატების მიზეზი არასწორად დამონტაჟებული საგზაო ნიშნებია, განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაცია „ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის“ თავმჯდომარემ დავით მესხიშვილმა.
ავტოსაგზაო შემთხვევების რაოდენობით გასული წელი ბოლო ხუთი წლის განმავლობაში რეკორდული აღმოჩნდა. სტატისტიკის თანახმად, 2015 წელს 6,4 ათასზე მეტი ავარია მოხდა, რაც, 2014 წელთან შედარებით, 440 შემთხვევით მეტია.
„როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ, თუ რატომ მომრავლდა ავტოსაგზაო შემთხვევები, ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი გაუმართავი ინფრასტრუქტურაა… ავტოსაგზაო შემთხვევების მომრავლებას ჩვენ ვუკავშირებთ „შავი წერტილების“ არსებობას ჩვენ დედაქალაქში — არასწორ საგზაო ნიშნებს, არასწორად რეგულირებულ საგზაო მოძრაობას და სუსტ ადმინისტრირებას დამრღვევი პირების მიმართ“, — აცხადებს დავით მესხიშვილი.
მესხიშვილის განცხადებაზე კომენტარი გააკეთა თბილისის მერმა დავით ნარმანიამ.
„თუ რაიმე პრობლემა არსებობს, თბილისის მერიაში გვყავს შესაბამისი ჯგუფი, ძალიან კარგად ვთანამშრომლობთ საპატრულო პოლიციასთან და შესაბამისად ხდება რეაგირება,“ — აცხადებს დავით ნარმანია.
საქართველოში 2015 წელს ავტოსაგზაო შემთხვევას 602 ადამიანი ემსხვერპლა, ტრავმა 9,9 ათასმა ადამიანმა მიიღო. ავარიების დიდი რაოდენობა თბილისსა და მცხეთა-მთიანეთის რეგიონში ხდება, რაოდენობით შემდეგ მოდის კახეთი (320 შემთხვევა).
საქართველოს გზებზე ავარიების მიზეზი გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობა და მანევრირების წესების დარღვევაა. 2015 წელს ამ მიზეზით 198 ადამიანი დაიღუპა. გარდაცვლილთა ასაკი 40-დან 61 წლამდეა (142 ადამიანი). რაც შეეხება ბავშვებსა და მოზარდებს, შარშან 28 დაიღუპა.