თბილისი, 9 აგვისტო — Sputnik. ელექტრონული მუსიკის ფესტივალზე GEM Fest, რომელიც ანაკლიაში ჩატარდება, მოძრავი სამედიცინო ამბულატორია და სასწრაფო დახმარების ორი ბრიგადა იქნება მობილიზებული.
GEM Fest-ი 10-14 აგვისტოს მთელი მსოფლიოდან ცნობილ დიჯეებსა და მუსიკოსებს უმასპინძლებს.
მოძრავ ამბულატორიაში ერთი ექთანი იმორიგევებს, რომელიც, აუცილებლობის შემთხვევაში, ფესტივალის სტუმრებს სამედიცინო დახმარებას ადგილზე აღმოუჩენს, ხოლო სასწრაფო დახმარების ავტომანქანები სხვადასხვა ადგილებზე განთავსდებიან, რათა მათ დროული ჰოსპიტალიზაცია მოახდინონ.
როგორც ცნობილია, ფესტივალი 40 ათასამდე სტუმარს ელოდება. მასში მონაწილეობას მიიღებენ როგორც უცხოელი, ისე ქართველი დიჯეები და კომპოზიტორები.