თბილისი, 6 აგვისტო – Sputnik. საქართველოს პრემიერ–მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დღეს ანაკლიას ესტუმრა, GEM Fest–ის მოსამზადებელი სამუშაოები დაათვალიერა და პროექტის პრეზენტაციას დაესწრო, იუწყება პრემიერის პრეს–სამსახური.
ანაკლიაში 9-14 აგვისტოს, პროექტ Chek in Georgia-ს ფარგლებში, ქართული ელექტრონული მუსიკის პირველი ფესტივალი „GEM Fest"-ი გაიმართება. ფესტივალი 40 ათასამდე ადამიანს უმასპინძლებს.
პრემიერის განცხადებით, ფესტივალი ხელს შეუწყობს საერთაშორისო დონეზე ქვეყნის იმიჯის ამაღლებას, ინვესტიციების შემოდინებას, ინფრასტრუქტურისა და ეკონომიკის განვითარებას, ასევე მოსახლეობის დასაქმებასა და მათი შემოსავლების ზრდას.
„ინფრასტრუქტურა, ფაქტობრივად, მზად არის. ეს ადგილი თანდათან განვითარდება და სულ უფრო მეტ სტუმარს მოიზიდავს. ვფიქრობ, ეს ფესტივალი გახდება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ლოკომოტივი რეგიონის განვითარებისთვის“, – აღნიშნა პრემიერმა და ახალგაზრდობას მოუწოდა, დაესწრონ ფესტივალს, სადაც კარგად გაერთობიან.
პროექტის თითქმის მთელი თანხა – 20 მილიონ ლარზე მეტი ფონდმა „ქართუმ“ დააფინანსა.
ფესტივალი GEM Fest–ი სცენაზე ცნობილ უცხოელ და ქართველ დიჯეებსა და მუსიკოსებს მოუყრის თავს.