თბილისი, 18 აპრილი — Sputnik. ელექტრონული მუსიკის ფესტივალი GEM Fest, რომელიც 10–14 აგვისტოს ჩატარდება ანაკლიაში, სცენაზე ცნობილ დიჯეებსა და მუსიკოსებს მოუყრის თავს.
GEM Fest–ის მონაწილეები იქნებიან: გერმანელი ტექნო–პროდიუსერი და მუსიკოსი პაულ კალკბრენერი (Paul Kalkbrenner), ნიდერლანდელი ჰაუს–დიჯეი ფედე ლე გრანდი (Fedde le Grand), ფრანგი კომპოზიტორი და ელექტრო–ჰაუს–მუსიკოსი აგორია (Agoria) და ცნობილი ავსტრალიელი ბითბოქსერი Dub FX.
ამას გარდა, ორგანიზატორებმა კიდევ უფრო ადრე დააანონსეს, რომ GEM Fest–ში ასევე მიიღებენ მონაწილეობას ტრანს–მუსიკის გერმანელი ვარსკვლავი პოლ ვან დაიკი (Paul van Dyk), გერმანელი დიჯეი და მინიმალ–ტექნო–კომპოზიტორი სტეფან ბოძინი (Stephan Bodzin) და მოსკოველი დიჯეი დაშა რედკინა.
მათთან ერთად სცენაზე გამოვა ცნობილი ისლანდიური ჯგუფი GusGus, გერმანული ტრანს–დუეტი Cosmic Gate, რუსი დიჯეი Abelle და გერმანული მუსიკალური ჯგუფი Super Flu.
GEM Fest–ზე ასევე ელოდებიან დიჯეი იულია გოვორს, რომელიც ამჟამად ნიუ–იორკში ცხოვრობს, და პოპულარულ ბერლინელ მუსიკოსს The Drifter.
ფესტივალზე მსმენელის წინაშე ასევე წარდგება ოცდაათამდე ქართველი მუსიკოსიც.
ფესტივალის დირექტორის გიორგი სიგუას თქმით, GEM Fest–ის ბილეთები უკვე ათასობით ადამიანმა შეიძინა, მათ შორის, უცხოელებმაც.
სიგუას პროგნოზით, წლევანდელ ფესტივალს 30 ათასამდე ადამიანი დაესწრება.
GEM Fest 2016 კვლავ შავი ზღვის ნაპირზე ბუნებრივი დეკორაციების, კონცეპტუალური არქიტექტურისა და არტ–ობიექტების ფონზე გაიმართება ანაკლიაში.
აფხაზეთის მოსახლეობისთვის ფესტივალზე დასწრება თავისუფალია.
დაწვრილებითი ინფორმაცია ფესტივალის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ მის ოფიციალურ საიტზე GEM Fest.