თბილისი, 9 აგვისტო — Sputnik. თბილისის ცენტრში, გოთუას ქუჩაზე კლდის ნაწილი ჩამოინგრა, დაშავებულები არ არიან, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.
ერთ-ერთი ვერსიით, კლდის ჩამონგრევის მიზეზი, შესაძლოა, მრავალსართულიანი კორპუსის მშენებლობის განახლება გახდა. შვიდი წლის წინ შეწყვეტილი მშენებლობა დაახლოებით სამი თვის წინ განახლდა.
„ჩვენი მხრიდან რეაგირება დაუყოვნებლივ მოხდა. ადგილზე იმყოფებოდნენ კონსტრუქტორები და გეოლოგები, რომლებმაც ტერიტორიის შესწავლა დაიწყეს. კეთილმოწყობის სამსახური გამყარების პროექტს მოამზადებს, რათა ტერიტორია უსაფრთხო გახდეს“, — განუცხადა ჟურნალისტებს თბილისის მერმა დავით ნარმანიამ.
მშენებლობის ნებართვა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროის გაიცა, განაცხადა მერმა.
„ჩვენ ამ საკითხს დამატებით გადავხედავთ“, — აღნიშნა მან.
საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი ალექსანდრე ელისაშვილი სანქციების გამოყენებას მოითხოვს იმ კომპანიის წინააღმდეგ, რომელიც სამშენებლო სამუშაოებს აწარმოებს უსაფრთხოების ნორმების დარღვევით.
„არის ქაოსი მშენებლობის დროს, ნებართვების გაცემის დროს, არანაირი გეოლოგიური დასკვნა, არანაირი ზედამხედველობა სამშენებლო სამუშაოების და ამ ხნის განმავლობაში არც ერთი კომპანია არ დაუჯარიმებიათ. ვიღაცას კი არ უნდა აბრალო, სამაგალითოდ უნდა დასაჯო ეს კომპანია, რათა სხვებიც ძალიან ფრთხილად იქცეოდნენ“, – განაცხადა ელისაშვილმა.
კლდესთან ახლოს 117-ე საბავშვო ბაღი მდებარეობს, სადაც იმ დრომდე შეწყდა მუშაობა, სანამ გეოლოგები შესაბამის დასკვნას არ გამოიტანენ.