თბილისი, 9 აგვისტო — Sputnik. საქართველო ჰანს გუტმანის სახელობის საავიაციო ტურისტულ რალიში მონაწილეობს, რომელმაც უნგრეთში აიღო სტარტი. ამჟამად პილოტები ნატახტრის აეროდრომზე იმყოფებიან, იუწყება საინფორმაციო სააგენტო "ნოვოსტი-გრუზია" სამოქალაქო ავიაციის სააგენტოზე დაყრდნობით.
რალი 5 აგვისტოს დაიწყო და მასში, ქართველი და თურქი მფრინავების გარდა, კიდევ ცხრა პილოტი მონაწილეობს ევროკავშირის ქვეყნებიდან (გერმანია, იტალია, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, ლუქსემბურგი). ქართულმა მხარემ 14 მფრინავზე გასცა მონაწილეობის უფლება.
„საქართველო პირველად მონაწილეობს ასეთ მასშტაბურ საავიაციო ტურისტულ რალიში. ამჟამად მასში 9 მონაწილეა ჩართული“, — აღნიშნა ნატახტრის აეროდრომის თანამშრომელმა.
საავიაციო ტურისტული რალის ორგანიზატორი ლუქსემბურგის თვითმფრინავების მფლობელებისა და მფრინავების ასოციაციაა.