თბილისი, 9 აგვისტო — Sputnik. გუდაურში სათავგადასავლო ტურიზმის სკოლა გაიხსნება, რომელიც მოამზადებს ქვეითად მავალთა და სამთო გამყოლებს, სათხილამურო ინსტრუქტორებს, დიდ სიმაღლეზე მუშაობისა და ზვავსაშიშ ზონებში უსაფრთხოების სპეციალისტებს.
შესაბამის შეთანხმებას ხელი მოაწერეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს "მთის კურორტების განვითარების კომპანიამ” და საქართველოს სამთო გამყოლთა ასოციაციამ.
სკოლაში გადაამზადებენ სამთო-სათავგადასავლო ტურიზმის სფეროში დასაქმებულ სპეციალისტებს.
შედეგად, რეგიონში გაჩნდება პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც დაადგენს უსაფრთხოების, მომსახურებისა და კომპეტენციის მაღალ სტანდარტებს, უზრუნველყოფს ახალგაზრდების წახალისებას მაღალანაზღაურებადი, გრძელვადიანი დასაქმების პერსპექტივით ეროვნულ, რეგიონულ და საერთშორისო შრომის ბაზრებზე და მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს უსაფრთხო და ხარისხიანი სათავგადასავლო ტურიზმის განვითარებაში.
სათავგადასავლო ტურიზმის სკოლა ითანამშრომლებს სამთო გამყოლთა ასოციაციების საერთაშორისო ფედერაციასთან (IFMGA/UIGAM/IVBV), ამ ორგანიზაციის წევრი ქვეყნების ნაციონალურ ფედერაციებთან (შვეიცარიის, გერმანიის, კანადის სამთო გამყოლთა ასოციაციები) და ანალოგიური პროფილის პროფესიულ საგანმანათლებლო ინსტიტუტებთან (მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტი — TUM, საფრანგეთის სათხილამურო და ალპინიზმის ნაციონალური სკოლა — ENSA და ა.შ.), აღნიშნულია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პრეს-სამსახურის განცხადებაში.