თბილისი, 9 აგვისტო — Sputnik. ესტონეთში საქართველოს საელჩო უარყოფს, რომ ფირმა Dekanter OÜ-ს ბულგარული ღვინო Kvanzkari-ს გაყიდვის ნებართვა მისცა, რომლის დასახელება საქართველოს კანონით დაცული ღვინის დასახელებას იმეორებს, იუწყება „Sputnik ესტონეთი“.
მანამდე ევროკომისიამ წერილობით აღნიშნა, რომ ესტონეთის მაღაზიებში იყიდება ბულგარეთში წარმოებული ღვინო დასახელებით Kvanzkari, რომელიც გაფორმებითა და ეტიკეტზე წარწერით ქართული ნახევრადტკბილი ღვინო „ხვანჭკარის“ იმიტირებას ახდენს.
საქართველოს მთავრობამ „ხვანჭკარის“ ბრენდზე უფლება 2012 წლის იანვარში მოიპოვა. საქართველოს 2010 წლის კანონით, „ხვანჭკარა“ საქართველოს აპელასიონების სიაშია.
აპელასიონი (ფრანგულად appellation d'origine — დასახელება ადგილის მიხედვით) ხარისხიანი ღვინის კლასიფიკაციის ძირითადი ერთეულია, რაიონი განსაკუთრებული გეოგრაფიული, კლიმატური, ნიადაგისა და სხვა მახასიათებლებით, სადაც ღვინის გარკვეული სახეობების მოყვანაა შესაძლებელი.
ევროპული კომისიის მითითება, რომ შესაძლოა ესტონეთში ყალბი ღვინო იყიდებოდეს, ტარტუში არსებულმა მაღაზიათა ქსელმა Selver-მა გამოაქვეყნა. Selver-ის გაყიდვების მენეჯერმა ტრიინ კაარემ განაცხადა, რომ ღვინოს მათ ფირმა Dekanter OÜ აწვდიდა. მისგან მაღაზიამ განმარტება მოითხოვა. კაარეს თქმით, ფირმის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ მისი ფირმა საქართველოს საელჩოსთან შეთანხმებულია, რომ ღვინის პარტიის გაყიდვა შესაძლებელია, მაგრამ ახლის შეკვეთა — არა.
საქართველოს საელჩომ ესტონეთში განაცხადა, რომ ასეთი შეთანხმება არ ყოფილა.
„საელჩოს მსგავსი ნებართვის გაცემის უფლებამოსილება არ გააჩნია, მით უფრო — ყალბი ღვინის გაყიდვის უფლების. ასეთი წინადადებით მოგვმართა ფირმამ, მაგრამ აზრს არ დავეთანხმეთ“, — აღნიშნეს საელჩოში.
საელჩოს წარმომადგენელმა დასძინა, რომ საელჩომ ოფიციალური არხების მეშვეობით ევროპის კომისიას მიმართა, რათა მან ამ დარღვევის აღსაკვეთად სათანადო ზომებს მიმართოს. საქართველოსა და ესტონეთს ძველი და მტკიცე ურთიერთობები აკავშირებს და საქართველო იმედოვნებს, რომ ეს თანამშრომლობა როგორც ოფიციალურ, ისე სამეწარმეო წრეებს შორის მომავალშიც გაგრძელდება.
საელჩო მოითხოვს, რომ ყალბი საქონელი ესტონეთის სავაჭრო ქსელიდან სასწრაფოდ იქნეს ამოღებული.