თბილისი, 9 აგვისტო — Sputnik. თურქეთის პრეზიდენტი სანქტ-პეტერბურგში ჩაფრინდა, სადაც რუსეთის პრეზიდენტთან ვლადიმირ პუტინთან მოლაპარაკებებს გამართავს. ეს პირველი შეხვედრა იქნება მას შემდეგ, რაც გასული წლის ნოემბერში თურქულმა გამანადგურებელმა რუსული ბომბდამშენი Су-24 ჩამოაგდო.
ივნისის ბოლოს ერდოღანმა ურთიერთობების მოგვარებისთვის პირველი ნაბიჯი გადადგა. მან პუტინს წერილით მიმართა და ჩამოგდებული თვითმფრინავის გამო ბოდიში მოიხადა, ხოლო მისი პილოტის დაღუპვის გამო სინანული და თანაგრძნობა გამოთქვა. ივლისის დასაწყისში პუტინმა და ერდოღანმა ტელეფონით ისაუბრეს. ამ საუბრის შემდეგ პუტინმა ანკარასთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების მოგვარების პროცესის დაწყების თაობაზე განაცხადა.
რუსეთისა და თურქეთის ლიდერების შეხვედრის დღის წესრიგშია საკითხთა ფართო წრე: ტურიზმიდან და სასურსათო ემბარგოდან დაწყებული, „თურქულ ნაკადამდე“ და რუსეთში თურქული მშენებლების საქმიანობით დასრულებული. რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე იური უშაკოვმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ პუტინი და ერდოღანი განიხილავენ ჩარტერების განახლების საკითხს, თურქეთმა წერილობითი გარანტია მისცა, რომ რუსი ტურისტების უსაფრთხოების რეკომენდაციები შესრულებული იქნება; ასევე, თურქული პროდუქტების ექსპორტის განახლების საკითხს რუსეთში და თურქეთის გავლით ევროკავშირის ქვეყნების აკრძალული პროდუქციის რეექსპორტის დაუშვებლობას.
გარდა ამისა, მოსალოდნელია, რომ ლიდერები იმსჯელებენ რუსეთში თურქული სამშენებლო კომპანიების მუშაობის შესახებ. ასევე, როგორც უშაკოვმა აღნიშნა, შესაძლოა, განიხილონ ჩამოგდებული თვითმფრინავისთვის კომპენსაციის გადახდის საკითხი.