თბილისი, 9 აგვისტო — Sputnik. საქართველოს სახელმწიფო მინისტრის ყოფილი მოადგილე სანდრო ბრეგაძე მასშტაბური აქციებით იმუქრება იმ შემთხვევაში, თუ პრეზიდენტი მარგველაშვილი ქორწინების ცნების თაობაზე რეფერენდუმს არ დანიშნავს. მისი თქმით, აქციებზე პრეზიდენტის თანამდებობიდან გადადგომას მოითხოვენ.
პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ადრე უკვე განაცხადა, რომ საქართველოში ერთნაირ სქესიანთა ქორწინების საკითხი აქტუალური არ უნდა იყოს, ვინაიდან ქვეყანას სხვა უამრავი პრობლემა აქვს.
რეფერენდუმის ინიციატორებს სურთ დაამტკიცონ, რომ ქვეყნის მოსახლეობის უდიდესი ნაწილი მხარს უჭერს კონსტიტუციაში ქორწინების ცნების განსაზღვრას, როგორც კავშირს მხოლოდ ქალსა და მამაკაცს შორის.
„პრეზიდნეტი თუ უარს იტყვის ამ გადაწყვეტილებაზე, ეს არ ჩაივლის მშვიდად. ჩვენ მზად ვართ დავიწყოთ მძლავრი საპროტესტო აქციები საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ. პრეზიდენტი, რომელიც არ ასრულებს თავისი მოსახლეობის დაკვეთას, ის თავად უნდა წავიდეს თანამდებობიდან. ჩვენ არ გამოვრიცხავთ რადიკალურ ღონისძიებებს“, — განაცხადა ბრეგაძემ პრესკონფერენციაზე.
მისი თქმით, თუ პრეზიდენტი რეფერენდუმის წინააღმდეგ წავა, მის მიერ მოტანილი ნებისმიერი არგუმენტი ფარსი იქნება.