თბილისი, 9 აგვისტო — Sputnik. საქართველოს თავდაცვის ახალმა მინისტრმა ლევან იზორიამ განაცხადა, რომ სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევის გაუქმების საკითხი განხილვის სტადიაშია, იუწყება საინფორმაციო სააგენტო "ნოვოსტი-გრუზია".
თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა ცოტა ხნის წინ ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლის თანახმადაც, საქართველოს მოქალაქეებისთვის ქვეყნის შეიარაღებულ ძალებში სამსახური ნებაყოფლობითი ხდება. ეს გადაწყვეტილება ექს-მინისტრმა სახელმწიფოს პირველ პირებთან წინასწარი კონსულტაციების გარეშე მიიღო, რამაც გარკვეული უკმაყოფილება გამოიწვია.
„საკითხს ვსწავლობთ. აუცილებელია გარკვეული დრო. საბოლოო გადაწყვეტილების თაობაზე პირველ რიგში თქვენ შეიტყობთ“, — განუცხადა იზორიამ ჟურნალისტებს.
მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება მუშაობს სტრატეგიაზე, რომელშიც გაწერილი იქნება მოქმედების ოთხწლიანი გეგმა ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ასამაღლებლად.
„ამ სტრატეგიაში ყველა კონკრეტულ კითხვაზე იქნება პასუხი გაცემული“, — თქვა მან.
დოკუმენტს საზოგადოებას უახლოეს მომავალში წარუდგენენ.
ამჟამად საქართველოში სამხედო სამსახური ოთხ კატეგორიად იყოფა: სავალდებულო, საკონტრაქტო, საკადრო და სარეზერვო.
ხიდაშელის ბრძანების თანახმად, წვევამდელებს შეიარაღებულ ძალებში აღარ გაიწვევენ, თუმცა ისინი კვლავ ექვემდებარებიან გაწვევას შინაგან საქმეთა სამინისტროს, უსაფრთხოების სამსახურის, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის სტრუქტურებში.
სავალდებულო სამხედრო სამსახურში 18-დან 27 წლამდე მოქალაქეებს გაზაფხულსა და შემოდგომაზე იწვევენ ერთი წლის ვადით.