თბილისი, 28 ივნისი — Sputnik. თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა, რომელიც წვევამდელების შესახებ ერთპიროვნული გადაწყვეტილების გამო კრიტიკის ობიექტი გახდა, განაცახდა, რომ პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს ყოველთვის მხარს დაუჭერს.
ცოტა ხნის წინ ხიდაშელმა ბრძანებას შეიარაღებულ ძალებში სავალდებულო სამსახურის გაუქმების შესახებ ხელი მოაწერა და ამას ნატო-ს გეგმის შესრულება უწოდა. ეს გადაწყვეტილება გააკრიტიკეს როგორც ხელისუფლების, ასევე ოპოზიციის წარმომადგენლებმა და აღნიშნეს, რომ მინისტრმა ის მთავრობასთან არ შეათანხმა.
„სადაც არ უნდა ვიყო, როგორ საარჩევნო კამპანიაშიც, ხვალ და ზეგ, პირადად, გიორგი კვირიკაშვილის მხარდამჭერი და გულშემატკივარი ვიქნები ბოლოდე. ის არის ძალიან იშვიათი გამონაკლისი იმ ქართველ პოლიტიკოსთა შორის, რომლებიც, სამწუხაროდ, თითით ჩამოსათვლელნი არიან, ასეთები, რომლებიც იმსახურებენ უზარმაზარ პატივისცემას; რომლებმაც დაამტკიცეს საკუთარი პროფესიონალიზმი, ქვეყნის სიყვარული. პროფესიული და პასუხიმსგებლობიანი დამოკიდებულება იმ საქმის მიმართ, რომელსაც ემსახურებიან“, — განაცხადა ხიდაშელმა.
ხიდაშელის გადაწყვეტილება ქვეყნის პირველმა პირებმა და პარლამენტის დეპუტატებმა გაკრიტიკეს.
„რესპუბლიკური პარტია“, რომლის ერთ-ერთი ლიდერია ხიდაშელი, ჯერჯერობით კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრია. კოალიციაში დარჩენილმა ყველა პარტიამ 8 ოქტობრის საპარლამენტო არჩევნებზე ერთმანეთისგან დამოუკიდებლად გადაწყვიტეს გასვლა.
ჯერ კიდევ ამ წლის აპრილში ხიდაშელმა სავალდებულო გაწვევის გაუქმების მზადყოფნის შესახებ განაცხადა, თუმცა ამ გადაწყვეტილების მიღება 2017 წელს იგეგმებოდა.
ამჟამად საქართველოში სამხედრო სამსახური ოთხ კატეგორიად იყოფა-სავალდებულო, საკონტრაქტო, საკადრო და სარეზერვო.
ხიდაშელის ბრძანების თანახმად, წვევამდელები შეიარაღებულ ძალებში სავალდებულო სამსახურს აღარ გაივლიან. ისინი ექვემდებარებიან გაწვევას შს სამინისტროში, სახელმწიფო უშიშროების სამსახურში, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში და სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში.
სავალდებულო სამხედრო სამსახურის გავლის ვადა 12 თვეს შეადგენს. გაწვევა წელიწადში ორჯერ ცხადდება — შემოდგომაზე და გაზაფხულზე.