ალიონა საველიევა, Sputnik.
ქართველებს რევანშის აღების შანსი ექნებათ: 2017 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირისათვის მზდების ფარგლებში ერთი კვირის წინ რუსეთის კალათბურთის ნაკრებმა ამხანაგურ მატჩში ქართულ გუნდს ანგარიშით 94:62 მოუგო.
ცხელი ამინდის მიუხედავად „ხიმკის“ საკალათბურთო ცენტრი ადრევე შეივსო. ქართველებს 800 გულშემატკივარი ჰყავდა, სულ სტადიონზე 2500 ადამიანი იყო. მიუხედავად იმისა, რომ სტადიონზე შერეული სექტორები იყო და მეტოქეები გვერდიგვერდ ისხდნენ, ფანები მეგობრულად იყვნენ განწყობილი.
თავიდან საქართველოს ნაკრებმა ინიციატივა თავის ხელში აიღო, რუსეთმა თავდაცვითი პოზიცია დაიკავა. პირველი მეოთხედი სტუმრების სასარგებლოდ ანგარიშით 25:17 დასრულდა. ქართველ გულშემატკივრებს უკვირდათ:“ნუთუ დღეს მოვიგებთ?!“ ასეთი რეაქცია იმით აიხსნებოდა, რომ მატჩის ფავორიტი რუსეთი იყო.
კალათბურთის საერთაშორისო ფედერაციის რეიტინგში რუსეთი მეშვიდე ადგილს იკავებს, საქართველო კი 47. თანაც, საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში არ იყვნენ მთავარი მოთამაშეები — ზაზა ფაჩულია და მანუჩარ მარკოიშვილი. შესვენების წინ რუსეთის ნაკრები ორი ქულით დაწინაურდა(39:37). თამაშის მეორე ნახევარში კი რუსეთის გუნდი ქართველებს უკვე 30 ქულით უსწრებდა.
რუსეთის ნაკრები გამოირჩეოდა სამქულიანი ტყორცნებით და შეკრული კომბინაციებით. რუსების ყველაზე შედეგიანი მოთამაშე ალექსეი შვედი იყო (15 ქულა), ქართველების-გიორგი შერმადინი(17 ქულა). რუსეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელის სერგეი ბაზარევიჩის სიტყვებით, ქართველ კალათბურთელებს მოთამაშეები არ ეყოთ, რომლებსაც დაღლილი მეწყვილეების შეცვლა შეეძლოთ.
მატჩი არა მარტო ლამაზი იყო, არამედ კარგად ორგანიზებული. შესვენებებისას და თაიმ-აუტების დროს რუსეთის ნაკრების მხარდაჭერის ჯგუფი ასრულებდა „კალინკა-მალინკადან“დაწყებული ჰიპ-ჰოპით დამთავრებული სხვადასხვა კომპოზიციებს. ქართული მხარეც გამოირჩეოდა — პირველი ნახევრის შემდეგ ეთერ ბერიაშვილმა ქართული სიმღერა შეასრულა. გარდა ამისა, ფოიეში სტუმრებს სპეციალურად ხიმკიში ჩამოსული ქართული რესტორნის ხაჭაპურის დაგემოვნება შეეძლოთ.
მატჩზე ვოკალზე და სამზარეულოზე პასუხისმგებელი იყო ქართული ფედერალური ეროვნულ-კულტურული ავტონომია რუსეთში, რომლის წარმომადგენლები ესწრებოდნენ მატჩს მოსკოვში შვეიცარიის საელჩოსთან არსებული საქართველოს ინტერესთა სექციის ხელმძღვანელთან გიორგი ზაქარაშვილთან ერთად.
გიორგი წურწუმია(სმელინი), რუსეთში ფედერალური ეროვნულ-კულტურული ავტონომიის პრეზიდენტი: „ჩვენი დიასპორისათვის ქართული გუნდების რუსეთში ჩამოსვლა ძალიან ბევრს ნიშნავს. მიუხედავად იმისა, რომ აგვისტოში უმრავლესობა შვებულებებში იმყოფება, რამოდენიმე ასეული გულშემატკივარი სტადიონზე შეიკრიბა, რათა ქართული გუნდის გვერდით იყოს. სპორტი ერთერთი მოედანია, სადაც საქართველო და რუსეთი არამარტო ეჯიბრებიან ერთმანეთს, არამედ ერთობლივი პროექტებისა და თანამშრომლობის შესახებ თანხმდებიან. მალე რუსეთის ნაკრები თბილისში საპასუხო მატჩზე მიემგზავრება, რომელიც ქართული მხარის მიერ იქნება ორგანიზებული. ვუსურვებ მათ წარმატებას. ორივე გუნდის გამარჯვება ჩვენთვის ძვირფასია.“
ვიაჩესლავ ფედორჩენკო: „ჩვენმა კალათბურთელებმა კარგი გუნდური თამაში აჩვენეს დამსახურებული ანგარიშით. მატჩის პირველ ნახევარში მეტოქე ძალიან ღირსეულად გამოიყურებოდა, შემდეგ კი რატომღაც დასუსტდა. მთლიანობაში, ქართული ნაკრები საკმაოდ ძლიერი გუნდია, მაგრამ ზაზა ფაჩულია არ ჰყავდათ, ამიტომ ცენტრალური თავდამსხმელის პოზიცია შესუსტებული იყო“.
მატჩს ძირითადად ქართველები და რუსეთში საქართველოდან ჩასული მოსკოვში მცხოვრები ქართველები ესწრებოდნენ, მათ შორის მომღერალი ირაკლი ფირცხალავა და რეპერი L'One. რამოდენიმე ადამიანი სპეციალურად თბილისიდან ჩამოფრინდა, რათა თავის გუნდს მხარი დაუჭიროს. ერთერთი მათგანი იყო ცნობილი ქართველი ჟურნალისტი თენგიზ პაჭკორია.
თენგიზ პაჭკორია: „ჩვენი ბიჭები მაგარ ფორმაში არიან. ბოლო თამაშებში მეტოქეზე ძლიერები იყვნენ. სამწუხაროდ, დღეს არ თამაშობდნენ ზაზა ფაჩულია და მანუჩარ მარკოიშვილი. თუმცა ზაზა საპასუხო მატჩში თბილისში ითამაშებს, რომელიც 12-14 აგვისტოს შედგება. იქ ანშლაგი იგეგმება — 9 ათასიანი სტადიონი. საქართველოში ძალიან უყვართ სპორტი. დღეს აქ ბევრი ქართველია. მე პირადად 200-მდე ნაცნობი წამოვიყვანე“.
უნდა აღინიშნოს, რომ თენგიზი ყველაზე აქტიური ფანი იყო. ხალხს რუპორის დახმარებით ააქტიურებდა, რუს ფანებზე უფრო ხმამაღლა ყვიროდა „საქართველო-საქართველო“. მას აზარტით პასუხობდნენ რუსი ფანები და სტადიონის დიქტორი.
დამშვიდობებისას კალათბურთელები ყვიროდნენ: „შეხვედრამდე თბილისში!“