თბილისი, 6 აგვისტო – Sputnik. აჭარაში, სოფელ ბეშუმში დოღის დროს ახალგაზრდა ქალს ცხენი დაეჯახა. ის საავადმყოფოშია გადაყვანილი, იუწყება საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.
მხედარმა ცხენი გარბენის დროს ვერ დაიმორჩილა და ჩამოვარდა. ცხენი მაყურებლის მიმართულებით გაიქცა და ქალი წააქცია, რომელმაც გაქცევა ვერ მოასწრო.
ორივე დაშავებული საავადმყოფოში საქართველოს პრემიერ–მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის ვერტმფრენით გადაიყვანეს. პრემიერი „შუამთობის“ დღესასწაულს ესწრებოდა. დაშავებულების მდგომარეობა სტაბილურია.
ფაქტზე აღიძრა სისხლის სამართლის საქმე საქართველოს სსკ–ის მუხლით „ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება გაუფრთხილებლობით“. დამნაშავეს ჯარიმა ან გამოსასწორებელი სამუშაოები ელოდება.
„შუამთობა“ ძველი ქართული სახალხო დღესასწაულია. ტრადიციისამებრ, ამ დღეს იმართება დოღი, სხვადასხვა სპორტული შეჯიბრება, კონცერტი.