თბილისი, 6 აგვისტო — Sputnik. საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის რექტორმა ლაშ გოცირიძემ თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ უკვე ყოფილი რექტორი საკუთარი „ფეისბუქის“ გვერდზე წერს.
„განვითარება მოითხოვს მუდმივ ცვლილებებს, დახვეწას, გაუმჯობესებას. განვითარების გარკვეულ ეტაპზე უნივერსიტეტისთვის სასარგებლოა რექტორის ცვლილებაც. ახალი რექტორი ახალი ენერგიით და იდეებით შეძლებს უნივერსიტეტის კიდევ უფრო წინ წამოწევას. ვფიქრობ, რომ ჩვენ ძირითადი ქარტეხილები ერთად უკვე გადავლახეთ და ამჟამად კარგი დროა ასეთი ცვლილებისთვის”, — წერს გოცირიძე.
გოცირიძის თქმით აღნიშნული ცვლილება ორი მიზეზის გამო მოხდა, პირველი ის, რომ განვითარება მოითხოვს მუდმივ ცვლილებებს, დახვეწას, გაუმჯობესებას, ამიტომ რექტორის ცვლილება განვითარების, გარკვეულ ეტაპზე უნივერსიტეტისთვის სასარგებლოა. მეორე მიზეზად კი გოცირიძე იმ პროექტებს ასახელებს, რომელშიც თავად არის ჩართული და რომლებისთვისაც მეტი დროის დათმობას გეგმავს.
„ცოდნის ფონდის დამფუძნებლის, ანასტასია გონჩაროვა-ბენდუქიძის შემართების, მომავალი რექტორის ახალი ენერგიისა და იდეების, და თქვენი ცოდნისა და გამოცდილების სინერგიის შედეგად, დარწმუნებული ვარ, თქვენთან ერთად აღვნიშნავ ჩვენი უნივერსიტეტის მომავალ წარმატებებს.“- წერს ლაშა გოცირიძე.
2007 წელს საქართველოში განათლებისა და მეცნიერების მხარდაჭერის მიზნით, „ცოდნის ფონდი“ დაარსდა და სწორედ ის იქცა „თავისუფალი“ და აგრარული უნივერსიტეტების დამფუძნებლად.
2015 წელს, ქართული სასამართლოს მიერ კახა ბენდუქიძის შვილად აღიარებულმა ანასტასია გონჩაროვა-ბენდუქიძემ, მოგვიანებით, მამის მიერ დაარსებული „ცოდნის ფონდის“ ნახევარი წილის მართვის უფლება მიიღო. ეს უფლება იმ პროექტების დაფინანსების საშუალებას იძლევა, რომელთაც ბენდუქიძე უმთავრესად თვლიდა — თბილისის თავისუფალი და საქართველოს აგრარული უნივერსიტეტები.
2015 წლის ივლისში გონჩაროვამ საქართველოს მოქალაქეობა მიიღო.
კახა ბენდუქიძე 2014 წლის 13 ნოემბერს ლონდონში გარდაიცვალა. ექსპერტიზის მონაცემებით, 58 წლის მეწარმის გარდაცვალების მიზეზი გადატანილი ოპერაციის შემდეგ გულის უკმარისობა გახდა.