კახა ბენდუქიძის ქალიშვილმა საქართველოს მოქალაქეობა მიიღო

© photo: Sputnik / David Khizanishvili / გადასვლა მედიაბანკშიკახა ბენდუქიძე
კახა ბენდუქიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ცოტა ხნის წინ ანასტასია გონჩაროვამ სასამართლოს მიმართა, რათა დნმ-ს ტესტის მეშვეობის დაამტკიცოს, რომ კახა ბენდუქიძის შვილია.

თბილისი, 31 ივლისი — Sputnik. ანასტასია გონჩაროვამ, რომელსაც გარდაცვლილი ქართველი რეფორმატორის ოჯახის წევრები მის შვილად არ ცნობენ, განაცხადა, რომ ამიერიდან საქართველოს მოქალაქეა. 

კახა ბენდუქიძის სიცოცხლეში გონჩაროვას არსებობის შესახებ არავინ არაფერი იცოდა, ახლა კი ის ფულისთვის იბრძვის, ირწმუნება გარდაცვლილის და ნუნუ ბენდუქიძე. 

„მე საქართველოს  მოქალაქეობა მივიღე. ვფიქრობ, მამაჩემი ამით ძალიან იამაყებდა. ასი პროცენტით დარწმუნებული არ ვიყავი, რომ მოქალაქეობას მომცემდნენ, ვინაიდან საქართველოს პრეზიდენტს მამაჩემთან განსაკუთრებული ურთიერთობები ჰქონდა და არ ვიცოდი, მომცემდა თუ არა მოქალაქეობას“, — თქვა გონჩაროვამ გადაცემა „ნანუკას შოუში“ ტელეარხ „რუსთავი2-ზე“.  

საქართველოში გონჩაროვა საერთაშორისო კომპანიაში მუშაობს და ქვეყანაში დარჩენას გეგმავს. ამის თაობაზე მან გადაცემაში განაცხადა. 

ცოტა ხნის წინ ანასტასია გონჩაროვამ სასამართლოს მიმართა, რათა დნმ-ს ტესტის მეშვეობის დაამტკიცოს, რომ კახა ბენდუქიძის შვილია. ბენდუქიძის ქვრივს ეს ფაქტი თავიდანვე რომ ეცნო, ყველაფერი სასამართლოს გარეშე მოგვარდებოდა, განმარტა მან. 

ამასთან გონჩაროვამ უარყო ბენდუქიძის ოჯახის მტკიცება იმის თაობაზე, რომ მას ბიზნესმენის ფული და მემკვიდრეობა აინტერესებს. მისი თქმით, სასამართლოს ერთადერთი მიზნით მიმართა — აღიარონ ის კახა ბენდუქიძის შვილად. 

კახა ბენდუქიძე 2014 წლის 13 ნოემბერს გარდაიცვალა ლონდონში. ადგილობრივი ექსპერტიზის მონაცემებით, 58 წლის მეწარმის გარდაცვალების მიზეზად გულის უკმარისობა იქცა.  

კახა ბენდუქიძის ქალიშვილის არსებობის თაობაზე მხოლოდ მისი გარდაცვალების შემდეგ გახდა ცნობილი, როდესაც გონჩაროვა დაკრძალვაზე ჩამოფრინდა. მაშინ გაირკვა ისიც, რომ მათ ურთიერთობა ჰქონდათ, თუმცა ამას არ აფიშირებდნენ. ანასტასია გონჩაროვა 1990 წლის 1 ნოემბერსაა დაბადებული. 

კახა ბენდუქიძის მემკვიდრეობა რამდენიმე ათეულ მილიონ დოლარს შეადგენს. 


ყველა ახალი ამბავი
0