თბილისი, 6 აგვისტო — Sputnik. ბრიტანული ელექტრონული როკ-ჯგუფი The Qemists ბათუმში კონცერტს გამართავს.
სოლო კონცერტი ბათუმის კორტების სცენაზე, სამთავრობო პროექტ Check in Georgia-ს ფარგლებში გაიმართება, რომელიც საქართველოს პოპულარიზაციასა და მსოფლიოში საერთაშორისო იმიჯის ამაღლებას ემსახურება.
ბრიტანელებთან ერთად, მსმენელის წინაშე ქართული ალტერნატიული როკ-მუსიკის შემსრულებელი ჯგუფი The Mins გამოვა, ნათქვამია პროექტ Check in Georgia-ს „ფეისბუქის“ გვერდზე.
The Qemists სამი წევრისგან შედგება — დენ არნოლდი (Dan Arnold), ლეონ ჰარისი (Leon Harris) და ლაიემ ბლექი (Liam Black).
ჯგუფი ძალზე ეფექტური ცოცხალი შესრულებით გამოირჩევა, მაღალი მუსიკალური ენერგეტიკის გამო, მათ მოიხსენიებენ ისეთი ჯგუფების გვერდით, როგორიცაა The Prodigy.
The Qemists რეგულარულად მონაწილეობს მსოფლიოს წამყვან მუსიკალურ ფესტივალებში.